მერაბ კოსტავას დაბადებიდან 79 წელი გავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულზე საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული გმირი , მერაბ კოსტავა გაიხსენა და დაბადებიდან 79 წელი მიულოცა.
საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, ქართველი დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე და საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა თბილისში, 1939 წლის 26 მაისს დაიბადა.
მისი მშობლები ოლღა დემურია და ვანო კოსტავა კულტურული და განათლებული ოჯახებიდან იყვნენ. მერაბის წინაპრები მამის მხრიდან იმერეთიდან იყვნენ.
მერაბის აღზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მისმა ოჯახის წევრებმა შეიტანეს – ბებიამისმა კატო ნუცუბიძემ. ცნობილი ადამიანი იყო მერაბის ბაბუის ძმა იაკობ კოსტავაც, რომელიც რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი იყო და ღიად გამოხატავდა ანტიკომუნისტურ განწყობას.
იაკობის სახლში ხშირად იკრიბებოდნენ: კონსტანტინე გამსახურდია, შალვა ნუცუბიძე, ვახტანგ კოტეტიშვილი.
მერაბი ძირითადად ბებია-ბაბუასთან ვლადიმერ დემურიასთან და ლუბა გოგავასთან იზრდებოდა, ვლადიმერ დემურია ცნობილი მასწავლებელი იყო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს პედაგოგიკასა და რუსულ ენას უკითხავდა.
1946 წელს, მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). იგი მეტად ნიჭიერი და ბეჯითი მოწაფე იყო. სწორედ აქ გაიცნეს ერთმანეთი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ.
აქვე გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისათვის. მეგობრების და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს , 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის.
1989 წლის 13 ოქტომბერს იგი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები