27 მაისს დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი – „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის” გაიმართება

27 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში” გამართავს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს – „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის”.
ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას.
ღონისძიებას ოფიციალურად გახსნის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და ვიცე-პრემიერი.
ღონისძიების ფარგლებში ასევე პირველად მოხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული დიასპორის სახელწიფო სტრატეგიის -„ერთიანი ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა” პრეზენტაცია. დოკუმენტს დამსწრე საზოგადოებას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გააცნობს.
ფორუმზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ პროფესიული ნიშნისა და ინტერესების შესაბამის თემატურ ჯგუფებში, სადაც განხილული იქნება შემდეგი საკითხები: დიასპორის როლი სახალხო დიპლომატიაში და მედია, დიასპორა და ეკონომიკა, თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების საკითხებში, ახალგაზრდობა, სპორტი და კულტურა. თემატურ ჯგუფებში გაიმართება დისკუსიები, ხოლო მუშაობის პროცესში გამოკვეთილი მოსაზრებები შემდგომში ასახვას ჰპოვებს იმ ცალკეული ღონისძიებების, პროგრამებსა თუ პროექტების დაგეგმვაში რომელიც სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება.
დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ფორუმის მონაწილენი კოჯორში გვირგვინით შეამკობენ იუნკერთა მემორიალს.
დიასპორის ფორუმში მონაწილეთათვის დღის ბოლოს გაიმართება ოფიციალური მიღება საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის სახელით.
დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 28 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიცატივით დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ქ. თბილისსა და ქ. მცხეთაში, მათ შორის – ლევილის სახელობის სანაპიროს გახსნა ქ. თბილისში.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები