ჰოლანდიის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლი, ქართველ შემსრულებლებთან ერთად, საქართველოში კონცერტებს გამართავს

  საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური პროექტი Made in Georgia განხორციელდება, რომელშიც ცნობილი ჰოლანდიელი და ქართველი მუსიკოსები და შემსრულებლები არიან ჩართული.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, Netherlands Wind Ensemble (ჰოლანდიის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლი) ჰოლანდიელი მუსიკოსებისგან შემდგარი ორკესტრია, რომელიც მსმენელს მდიდარ რეპერტუარს სთავაზობს სხვადასხვა ჟანრის მუსიკის ორიგინალური ინტერპრეტაციებითა და მრავალფეროვანი კულტურული თავისებურებებით.
NBE თანამშრომლობს არაერთ მუსიკოსთან, კომპოზიტორთან, პოეტთან თუ შემსრულებელთან მთელი მსოფლიოდან, რათა მუდმივად საინტერესო და განახლებადი პროგრამა შესთავაზოს მსმენელს. მათი საერთაშორისო პროექტი Made in Georgia ამჯერად საქართველოში ჩამოდის და ქართველ მუსიკოსებს აერთიანებს.
ნიაზ დიასამიძე, ლევან ცხადაძე, გორის ქალთა გუნდი, ანჩისხატის გუნდი და ფოლკლორული ანსამბლი „ადილეი“ NBE-სთან სპეციალურ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებენ ქართველ მსმენელს.
კონცერტები საქართველოში რამდენიმე ადგილას ჩატარდება:

· 25 მაისს, 18:00 საათზე – კონსერვატორიის დიდი დარბაზი (ბილეთები იყიდება);
· 26 მაისს, 21:15 საათზე – ვაკის პარკი, „კლუბი 33 ა“ (დასწრება თავისუფალია);
· 27 მაისს, 20.00 საათზე – ლოპოტას ტბის დასასვენებელი კომპლექსი (დასწრება თავისუფალია);
· 28 მაისს, 19.00 საათზე – თელავის თეატრი (დასწრება თავისუფალია).

საკონცერტო ტურნეს დასრულების შემდეგ, NBE-ის შემოქმედებითი ჯგუფი სპეციალურ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს საქართველოში მათი მოგზაურობის შესახებ, რომლის პრემიერაც ჰოლანდიაში შემოდგომაზე გაიმართება. შემოდგომაზე, ასევე, დაგეგმილია საკონცერტო ტურნე ჰოლანდიის რამდენიმე ქალაქში, რომელშიც ქართველი მუსიკოსები და შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას. 5-დან 19 ოქტომბრამდე ჰოლანდიის რამდენიმე ქალაქში 10 კონცერტი ჩატარდება, მათ შორის, ამსტერდამში, უტრეხტში, ედეში, ჰარლემში, ჰააგაში და ტილბურგში.
Netherlands Wind Ensemble 1961 წელს დაარსდა. 1988 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ცნობილი ჰოლანდიელი მუსიკოსი, ჰობოისტი ბარტ შნეენმანია, რომელმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა NBE-ის ტრანსფორმაციაში და მისი პროგრამები მულტიკულტურული და მრავალფეროვანი გახადა.
სცენაზე NBE-ის მუსიკოსები გამოირჩევიან განსაკუთრებული ვირტუოზულობითა და იმპროვიზაციით, რაც მათ მსმენელს აღაფრთოვანებს. გარდა საკონცერტო მოღვაწეობისა, NBE-ის აქვს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, ანსამბლის წევრები ახალგაზრდა ტალანტებს წარმატების მიღწევაში ეხმარებიან. NBE-ის განსაკუთრებული კავშირები აქვს ჰოლანდიის სამეფო ოჯახთან.
პროექტის Made in Georgia მხარდამჭერები არიან: ჰოლანდიის საელჩო საქართველოში, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, „თი-ბი-სი ბანკი“, სასტუმრო Grove Design Hotel, ჟურნალი Georgia To See და ლოპოტას ტბის დასასვენელი კომპლექსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები