N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონები ესტუმრნენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას დღეს ძალოსნობაში ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები ესტუმრნენ. ქალ მსჯავრდებულებთან შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით, ძალოსანთა ეროვნული ფედერაციისა და საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების მხარდაჭერით შედგა.
სტუმრებს შორის იყვნენ: ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, ევროპის ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე, ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენელი დავით ყალიჩავა, თბილისის მერის მრჩეველი კახაბერ ცეცხლაძე და ძალოსნობის ქალთა ეროვნული ნაკრების წევრები.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებმა ქალი მსჯავრდებულებისთვის სპორტული ვიქტორინა გამართეს და გამარჯვებულებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი და მუსიკალური ინსტრუმენტები თავიანთი ხელმოწერებით გადასცეს. ქალთა ეროვნული ნაკრების წევრებმა თათია ლორთქიფანიძემ და სოფო მუკათარიძემ კი სპორტულ-საჩვენებელი გამოსვლაც შესთავაზეს მსჯავრდებულებს.
ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა და 3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულებთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა სამინისტროს იმისთვის, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ქალ მსჯავრდებულებთან ერთად გაგვეზიარებინა ტკივილიც, სიხარულიც და გამარჯვებაც. ჩვენ ჩავატარეთ ვიქტორინა, რომელშიც ქალბატონებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის შეხვედრები რეგულარულად უნდა ტარდებოდეს, რაც ყოველმხრივ დადებითად აისახება როგორც მსჯავრდებულებზე, ასევე ჩვენზეც. აქედან დადებითი ემოციებით მივდივართ,“-განაცხადა კახი კახიაშვილმა.
ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის განცხადებით, მისთვის საინტერესო იყო, თუ რა ვითარება დახვდებოდა N5 ქალთა დაწესებულებაში.
„თავდაპირველად მსურს ყველა მათგანს თავისუფლება და სწორი გზით ცხოვრება ვუსურვო. ჩვენი ვიზიტი სწორედ იმას ემსახურება, რომ მათ ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოვუწოდოთ. შევეცადეთ ქალბატონები გაგვეხარებინა. მომავალშიც მივესალმები მსგავს ღონისძიებებს,“- განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებისა და სტუდია „გუთნის“ წარმომადგენლის დავით ყალიჩავას განცხადებით, კოლეგებთან ერთად ის ხშირად სტუმრობს პენიტენციურ დაწესებულებას.
„სტუდია „გუთანი“ და საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება 11 თვეში დაახლოებით 20-ჯერ ვიყავით დაწესებულებაში და მსჯავრდებულებს ეროვნულ-მართლმადიდებლურ ფილმებს ვაჩვენებდით. აღნიშნული იდეა ძალოსანთა ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილთან ერთად დაიბადა. ვიმედოვნებ მიმდინარე წლის განმავლობაში არა მარტო ძალოსანი, არამედ ყველა სახეობის ოლიმპიელები შემოვლენ და შეხვდებიან მსჯავრდებულებს,“-განაცხადა დავით ყალიჩავამ.
დღესვე, სპორტსმენების დახმარებით N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას პიანინო გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები