საქართველოს დელეგაციამ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სესიაში მონაწილეობა მიიღო

21-26 მაისს, პარიზში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციამ, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერესელიძის ხელმძღვანელობით, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) რიგით 85-ე გენერალურ სესიაში მიიღო მონაწილეობა.
სამინისტროს ინფორმაციით, სესიის ფარგლებში, ნოდარ კერესელიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, მონიკა ელოიტს და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) რეგიონული ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსს, ფრანსოის საიას შეხვდა.
ქართული დელეგაციის წევრების მიერ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ხელშეწყობის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებასა და საკანონმდებლო დაახლოების პროცესზე.
შეხვედრაზე ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ ჩართულობას ორგანიზაციის საქმიანობაში.
აღსანიშნავია, რომ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) გადაწყვეტილებით, 2018 წელს დაგეგმილი ევროპის რეგიონული კომისიის რიგით 29 კონფერენცია საქართველოში გაიმართება, კონფერენციაში ორგანიზაციის გენერალური მდივანი მონიკა ელოიტიც მიიღებს მონაწილეობას.
ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) გენერალური სესია ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას 180-მდე წევრი ქვეყნის დელეგატი იღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები