“გოგონათა კლუბის” მონაწილეებს პოეტი ლია ლიქოკელი შეხვდა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” მედიაციის სახლში, პროექტ – „გოგონათა კლუბის” მონაწილეებს პოეტი ლია ლიქოკელი შეხვდა. სტუმარმა გოგონებს საკუთარი შემოქმედება გააცნო და ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარა. „გოგონათა კლუბის“ წევრებს განსაკუთრებით ლექსი – „გოგოობის კანონი“ მოეწონათ, რის შემდეგაც საუბარი გაგრძელდა გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელ სირთულეებზე, საკუთარი თავის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების გაჩენაზე და დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე. შეხვედრას 30 გოგონა დაესწრო.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანი 14-18 წლის გოგონებში ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა, რაც მათ მომავალში დაეხმარებათ ჯანსაღ, ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. პროგრამა მოიცავს ტრენინგებს და ასევე, შეხვედრებს წარმატებულ ქალებთან. ღონისძიების დასასრულს სტუმარმა „გოგონათა კლუბში“ საპატიო წევრის სტატუსით გაწევრიანების სურვილი გამოთქვა. პროექტი „გოგონათა კლუბი” მედიაციის სახლში მიმდინარეობს, რომელშიც ეტაპობრივად სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ერთვებიან. თითოეული ეტაპი ორთვიანია. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატი გადაეცემათ.
იუსტიციის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები. გოგონების გაძლიერებაზე ზრუნვა მედიაციის სახლის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 18 წლამდე მოზარდებს ეთმობა. ცენტრი არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები