ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები გაიმართება

27-28 მაისს იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები გაიმართება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურებს მთავრობისთვის წარსადგენად სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილი სამთავრობო კომისია შეარჩევს. კომისია იმ 24 კანდიდატს გაესაუბრება, რომლებმაც შერჩევის წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს.
გასაუბრებაზე ფოტო და ვიდეოგადაღების საშუალება მედიას სხდომის დაწყებისას მიეცემა, რის შემდეგაც პროცესი ფოტო და ვიდეოგადაღებებისათვის დაიხურება − სპეციალური აპარატურა გასაუბრებას დატოვებს.
უწყების ცნობით, ჟურნალისტებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი, დააკვირდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევას, მიეცემათ საშუალება, დარჩნენ კომისიის სხდომაზე (ჩამწერი ან გადამღები აპარატურის გარეშე) და დაესწრონ პროცესს იმ შემთხვევაში, თუკი კანდიდატი, რომელსაც ესაუბრება კომისია, არ იქნება მედიის დასწრების წინააღმდეგი.  თუკი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი რაიმე მოსაზრებით ამჯობინებს, მისი გასაუბრება მედიის გარეშე ჩატარდეს, კომისია გაითვალისწინებს მის სურვილს და კანდიდატს მედიის დასწრების გარეშე გაესაუბრება.
“იმისათვის, რომ მედიასაშუალებებმა შეძლონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის პროცესზე დაკვირვება, აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
დაინტერესებულმა ჟურნალისტებმა უნდა გამოგზავნონ ელექტრონული წერილი მისამართზე − press-center@justice.gov.ge − და განაცხადონ, რომ სურთ, დააკვირდნენ გასაუბრებას, მიუთითონ  სახელი და გვარი, აგრეთვე, ორგანიზაცია, რომელსაც წარმოადგენენ.
ჟურნალისტთა რეგისტრაცია 25 მაისს, 09.00 სთ-ზე, დაიწყება და 26 მაისს, 18.00 სთ-ზე, დასრულდება. წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჟურნალისტი გასაუბრების პროცესზე დაკვირვებას ვერ შეძლებს  (იხ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 თებერვლის №93 დადგენილების მე-4 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები).

კანდიდატთა შერჩევის პროცედურა:

კომისიის თითოეული წევრი კანდიდატს გასაუბრების დღესვე შეაფასებს და მიანიჭებს მას ქულას; კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების მიხედვით, კომისიის სამდივნო გასაუბრების დღესვე გამოიყვანს თითოეული კანდიდატის საშუალო ჯამურ ქულას, რომლის საფუძველზეც, კანდიდატთა სქესის შესაბამისად, შედგება ორი სია. ჯამური ქულების გამოყვანის პროცესზე დასწრება შეუძლიათ შესარჩევი კომისიის წევრებს, როგორც ეს იყო წინა კონკურსის დროსაც. სამდივნოს მიერ კომისიის წევრების მიერ დაწერილი ქულების დაჯამების შედეგად შედგენილი ორი სიის საფუძველზე შედგება საბოლოო, 5-კანდიდატიანი სია,  რომელშიც ორივე სიიდან შევლენ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი ქალები და მამაკაცები. ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად, სია უნდა იყოს გენდერულად დაბალანსებული. კანდიდატთა ხუთპირიან სიას სამდივნო გააცნობს კომისიის წევრებს, ხოლო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სახელით წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა წარდგენილი კანდიდატებიდან შეარჩევს ნებისმიერ სამ კანდიდატს, რომელთა ვინაობა და საბუთები  თავდაპირველად წარედგინება  ევროსაბჭოს ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს, რომელიც შექმნილია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის საფუძველზე, და გასცემს რეკომენდაციას იმის შესახებ, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. ამის შემდეგ სია გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც კენჭს უყრის სიის მისაღებობას და, დადებითი კენჭისყრის შემთხვევაში, მოუსმენს სამივე კანდიდატს. გასაუბრებების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს ერთ ან მეტ კანდიდატს. პროცედურის დასასრულ, კანდიდატთა სამპირიანი სია წარედგინება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს”, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები