ქუთაისის სკოლების მოსწავლეები სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობას გაეცნენ

პროგრამის ,,სამოქალაქო განათლება – მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ორგანიზაციასთან ph international Georgia პარტნიორობით ახორციელებს, იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი უწყებების მუშაობის პროცესს გაეცნენ.
სკოლის მოსწავლეებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი შეხვდა და სოფლის მეურნეობის დარგის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის ახალგაზრდების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
,,მსოფლიოს მასშტაბით, სოფლის მეურნეობის დარგი სწრაფად ვითარდება, ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები და წარმოება სულ უფრო მაღალ სტანდარტებზე გადადის. შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობა სწორედ ამ გამოწვევების წინაშე დგას და მათი დაძლევა ცოდნის, გამოცდილების და კვალიფიკაციის გარეშე წარმოუდგენელია. ახალ თაობას ამ მიმართულებით განსაკუთრებით დიდი როლი აკისრია. თქვენ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც თანამედროვე სამყარო გთავაზობთ. კარგი განათლებით და საფუძვლიანი ცოდნით, შეძლებთ გააგრძელოთ და განავითაროთ ის უძველესი დარგი და ტრადიციები, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქვს“, – აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მინისტრის მოადგილემ მოსწავლეების ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა.
გაცნობითი ტურის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს ენოთეკა, მარანი და ღვინის მუზეუმიც დაათვალიერეს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა ახალგაზრდებს საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი ტრადიციები გააცნო და ღვინის დაყენების ქართულ, უნიკალურ მეთოდზე გაამახვილა ყურადღება. როგორც გიორგი სამანიშვილმა საუბრისას აღნიშნა, არსებობს ვაზის 500-ზე მეტი ქართული, უნიკალური ჯიში, რომელთა მოძიებასა და აღდგენას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახორციელებს. ღვინის სააგენტოს თავმჯდომარემ ენოთეკაში და ღვინის მუზეუმში დაცულ ექსპონატებზე მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მიაწოდეს. ახალგაზრდებმა ყველა ის აღჭურვილობა და ტექნიკა დაათვალიერეს, რომელსაც სააგენტოს სპეციალისტები სურსათის კონტროლის, ვეტერინარიული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელებისთვის იყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები