„ჟურნალისტის გზამკვლევი სოციალური საკითხების გაშუქებაში“ – ოლიკო ცისკარიშვილის ახალი წიგნი

9 ივნისს, 15:00 საათზე, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, ოლიკო ცისკარიშვილის წიგნის -„ჟურნალისტის გზამკვლევი სოციალურ საკითხების გაშუქებაში“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ოლიკო ცისკარიშვილმა განუცხადა, „ჟურნალისტის გზამკვლევი სოციალური საკითხების გაშუქებაში“ მომზადდა, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო ჟურნალისტების, სტუდენტებისთვის და ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის.
სასარგებლოა არა მხოლოდ მათთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინც დაინტერესებულია საქართველოს რეალობაში სოციალური საკითხების შესწავლითა და გაშუქებით.
წიგნში თავმოყრილია ავტორის მრავალწლიანი ჟურნალისტური და პედაგოგიური გამოცდილება და ზუსტად ამ გამოცდილების საფუძველზე ფორმულირებულია ის სასარგებლო რეკომენდაციები, რაც სოციალურ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტმა უნდა გაითვალისწინოს.
როგორ უნდა ვწეროთ ნარკოდამოკიდებულებაზე, აივ ინფექციით, თუნდაც C ჰეპატიტით ინფიცირებულ ადამიანებზე? როგორ შევეხოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემას? როგორ უნდა მოახერხოს ჟურნალისტმა მწვავე სოციალურ თემებზე მუშაობა ისე, რომ თავი აარიდოს თავისი რესპონდენტების სტიგმატიზაციას, ანდა სტერეოტიპულ კლიშეებში მოთავსებას?
ამ შეკითხვების ერთი დიდი პასუხია წინამდებარე წიგნი. წიგნის ავტორმა სხვადასხვა წყაროს მოშველიებითა და საკუთარი პრაქტიკული გამოცდილების ურთიერთსინთეზის გზით ამ მაგისტრალურ შეკითხვებზე პასუხები შემოგვთავაზა.
მისამართი: ნინოშვილის №55.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები