პროკურორებისთვის ქალთა უფლებების დაცვის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

მართლმსაჯულების სისტემისადმი ქალთა ხელმისაწვდომობის ზრდის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე პროკურორებისთვის ტრენინგი ჩატარდა. პროექტი ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით განხორციელდა და მიზნად ისახავდა პროკურორებისთვის ქალთა უფლებების, ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გაცნობას.
ორდღიანი ინტენსიური სწავლება მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აკრძალვა, პროკურორის როლი, გენდერული თანასწორობა, სტამბულის კონვენცია, საერთაშორისო და რეგიონალური სამართლებრივი ჩარჩო, ოჯახში ძალადობის დანაშაულის ტენდენციები, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია და აღნიშნული მოტივის გამოკვეთა, სექსუალური ძალადობა, ადრეული და იძულებითი ქორწინება, დაკავებულ ქალთა უფლებები, ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალთა უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ტრენინგი დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით და მას საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები უძღვებოდნენ.
სასწავლო კურსის განხორციელებას წინ უძღვოდა ევროპის საბჭოს რეგიონალურ პროექტთან აქტიური თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც მომზადდა სასწავლო პროგრამა და მასალები. პროექტის მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტი, რომ მასში ჩართულნი იყვნენ 6 ქვეყნის: საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, ბელორუსიისა და უკრაინის წარმომადგენლები. ერთობლივ სამუშაო პროცესში მოხდა გამოცდილების გაცვლაც. პროგრამის საერთაშორისო სამართლებრივი ნაწილი მომზადდა საერთაშორისო ექსპერტების მიერ, ხოლო ეროვნული ნაწილი, რომელიც ადგილობრივ გამოწვევებსა და საჭიროებებზეა მორგებული, მომზადდა ყველა მონაწილე ქვეყნის ადგილობრივი ექსპერტების მიერ. საქართველოდან სამუშაო პროცესში ერთობლივად იყვნენ ჩართულნი საქართველოს პროკურატურისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები.
ქალთა უფლებების დაცვა, ქალთა, გოგონათა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით პროკურორები ეტაპობრივად გადიან როგორც გადამზადების, ასევე სპეციალიზაციის კურსებს. საქართველოს პროკურატურა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით აღნიშნული მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები