პირველი ლედის პატრონაჟით ოზურგეთში შშმ პირთა მშობლების მხარდამჭერი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას პატრონაჟით, დღეს, ქალაქ ოზურგეთში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მშობელთა თემის მობილიზებას და გაძლიერებას ეხება.
პროექტი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიზანი საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლების გაძლიერებისა და მხარდაჭერისათვის მათთან საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებაა.
პროექტი ექვსთვიანია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებისა და კოალიციის „მოძრაობა ცვლილებებისთვის” ორგანიზებით ხორციელდება.
საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას მონაწილეობით დღეს პირველი საინფორმაციო შეხვედრა ქალაქ ოზურგეთში გაიმართა.
შეხვედრისას ქვეყნის პირველმა ლედიმ ყურადღება მშობელთა თემის გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონებში მცხოვრებ მშობელთა აქტიურობის მნიშვნელობას დაეთმო.
პირველმა ლედიმ იმ პოზიტიური ცვლილებების შესახებაც ისაუბრა, რომელიც მშობელთა აქტიურობის შედეგად, შშმ პირთა მიმართ არსებული სტიგმის დაძლევისა და სერვისების გაფართოების თვალსაზრისით განხორციელდა.
„დედების თემი ყველაზე ძლიერი თემია იმისთვის, რომ თავიანთ შვილებს ყველაზე კარგად გაუწიონ დახმარება და საზოგადოებასაც უფრო ზუსტად განუმარტონ, რა არის ამ ბავშვებისთვის საჭირო, რომ მათი სრულფასოვანი ინტეგრაცია და სოციალიზაცია მოხდეს.
დედებმა მიაღწიეს იმას, რომ დღეს დედაქალაქში არა ერთი დღის ცენტრი გვაქვს. ასევე გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვებს სხვადსხვა სერვისების საშუალებით დაბადებიდანვე მივცეთ ის განათლება, რაც მათ შემდგომ გამოადგებათ სრულწლოვან ასაკში.
მაგრამ, ეს არ არის საკმარისი. მე შევიტყვე დედებისგან, რომ შესაძლებელია გასვლა რეგიონში და ასეთი ტიპის დისკუსიებში ჩართვა. იმისათვის, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება”,- აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.
პროექტის ფარგლებში, რეგიონებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს კიდევ ხუთ მუნიციპალიტეტში – ხელვაჩაურში, ჭიათურაში, საჩხერეში, ბოლნისსა და საგარეჯოში გაიმართება, რომლებსაც საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ასევე დაესწრება.
დღესვე მაკა ჩიჩუა ქალაქ ოზურგეთში მდებარე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრს ეწვია და ცენტრის ბენეფიციარების მონაწილეობით გამართულ ზეიმს დაესწრო.
ხვალ მაკა ჩიჩუა ხელვაჩაურს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები