სოციალური პარტნიორობის გაუმჯობესების თემაზე ორდღიანი კონფერენცია გაიმართა
საქართველოში სოციალური პარტნიორობის გაუმჯობესების თემაზე ორდღიანი კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა. სოციალური დიალოგის ფარგლებში, კონფერენციაზე განიხილეს შემდეგი თემები: სოციალური დიალოგის ბარიერებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზები; საქართველოში სოციალური პარტნიორობის გაუმჯობესების გეგმა; პროფესიულ განათლებასა და ბიზნესსექტორს შორის პარტნიორობა რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე; სოციალური პარტნიორობის მოდელები და მიდგომები სხვა ქვეყნებში; საგანმანათლებლო სექტორსა და ბიზნესს შორის პარტნიორობის მოდელები. მომხსენებელთა შორის იყვნენ: საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ოლივერ რაისნერი და სხვა ქართველი და უცხოელი ექსპერტები. მონაწილეებმა ასევე შეიმუშავეს ეროვნული პროფესიული საბჭოს წესდებისა და გზამკვლევის სამუშაო ვერსია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო სისტემაში სოციალური პარტნიორობის ჩართულობა ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას, რაც განაპირობებს პროფესიული კვალიფიკაციების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოებას. ეს უკანასკნელი კი უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, პოლიტიკურ და სოციალურ სტაბილურობას. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ პროფესიული განათლების სისტემის განვითარებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოების მიზნით, მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესების შესახებ პროფესიული კავშირების, დამსაქმებლების, სხვადასხვა ასოციაციისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირება და მათგან რეკომენდაციების მიღება.