საავადმყოფოში მომხდარი სროლის შემდეგ დირექტორის მოადგილეს პაციენტები არ უნახავს – “ფატალურად არ დამთავრებულა”

„არავითარი ინციდენტი არ მოხდარა, შემთხვევის შემდეგ, პაციენტები არ მინახავს და არც გავსაუბრებივარ, თუმცა საქმის კურსში ვარ“, – ამის შესახებ „კვირას“ იმ სამედიცინო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, მანანა მახვილაძემ განუცხადა, სადაც წუხელ 3 პაციენტი სროლის შედეგად, სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.
​მანანა მახვილაძე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეა.
ცნობისათვის, ზემოაღნიშნულ კლინიკაში პაციენტები მკურნალობისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდიან.
მანანა მახვილაძე ამბობს, რომ პაციენტთა მკურნალობა 1200-დან 2000 ლარამდე მერყეობს. შენობას დაცვის თანამშრომელი იცავს.
„კვირა“ დაინტერსდა იმ პაციენტების ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობით, ვის პალატაშიც წუხელ გასროლილი ტყვია შევარდა.
„ისეთი არაფერი მომხდარა და არც ფატალურად დამთავრებულა. პაციენტები ვერც კი მიხვდნენ, რა მოხდა. არცერთი პაციენტი არ მინახავს და არც გავსაუბრებივარ, თუმცა საქმის კურსში ვარ. სამართალდამაცავები მოვიდნენ და როგორც ვიცი, მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ვიცი, პატრული სანიტარმა გამოიძახა, პაციენტს არც გამოუძახია. თავად მე კლინიკაში იმ დროს არ ვყოფილვარ, კონსულტაციაზე ვიყავი. როცა დამირეკეს, მითხრეს, რომ სიმშვიდეა და არავინ დაზარალებულა“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას კლინიკის დირექტორის მოადგილე პროფესორი.
​თუმცა, კლინიკის ერთ-ერთი პაციენტი და თვითმხილველი, რომელიც მკურნალობის კურსს გადის, დირექტორის მოადგილისაგან განსხვავებით, ინციდენტის შესახებ რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის.
“ღამის 11 საათი იქნებოდა, სროლის ხმა რომ გავიგეთ. ჯერ გარედან ისმოდა, მერე ფანჯრების გასკდომის ხმა იყო, რამდენიმე ტყვია მოხვდა ჩვენს ფანჯარას და მერე ერთი ტყვია უკვე ერთ-ერთის საწოლს. ბეწვზეა გადარჩენილი პაციენტი. სროლის ხმაზე მაშინვე ძირს დავწექით და რომ გაგრძელდა, მერე გარეთ გავხოხდი დაწოლილი – ყველაზე ახლოს მე ვიყავი კარებთან – და 112-ში დავრეკე. რომ ველაპარაკებოდი, ამ დროსაც ისმოდა სროლის ხმა. ჩვენი პალატა კორპუსის ბოლოა და პირდაპირ უყურებს საცხოვრებელ კორპუსს, როგორც ჩანს, იქიდან იყო სროლა”, – ამბობს თვითმხილველი და დასძენს, რომ სროლამდე რამდენიმე წუთით ადრე, პაციენტები ფეხზე იყვნენ, ფანჯარასთან მოძრაობდნენ და სროლა რამდენიმე წუთით ადრე რომ დაწყებულიყო, მათ მოხვდებოდათ. მისივე თქმით, მამაკაცი, რომელმაც პალატას რამდენჯერმე ესროლა, სავარაუდოდ, ნასვამი იყო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები