შპს “ჯორჯიან მანგანეზის” ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანა სრულფასოვნად ფუნქციონირებს

ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანა სრულფასოვნად ფუნქციონირებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია “ჯი ეი ეის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ კომპიუტერული სისტემების მწყობრიდან გამოსვლასთან და საწარმოს პარალიზებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
„შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის დანიშვნის შემდეგ, კომპანიაში განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის აღმოფხვრაც ახალმა მენეჯმენტმა მყისიერად და დროულად შეძლო. აღნიშნული ფაქტის გამო, ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის სრულფასოვნად მუშაობას საფრთხე არ შექმნია. კომპანიაზე განხორციელებული სავარაუდო კიბერშეტევის გამოსაძიებლად, “ჯორჯიან მანგანეზმა” შესაბამის საგამოძიებო სამსახურებს უკვე მიმართა. შპს “ჯორჯიან მანგანეზი“ თვლის, რომ კომპანია “ჯი ეი ეი” შეგნებულად ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი ხელისუფლების შესაბამის სამსახურებს მიმართავს, დაინტერესდეს კომპანია “ჯი ეი ეის” მხრიდან ახალი მენეჯმენტის დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტებით.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 12 მაისს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, როგორც ლიცენზიისა და ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, შპს “ჯორჯიან მანგანეზში” სპეციალურ მმართველად ნიკოლოზ ჩიქოვანი დანიშნა. უწყების ცნობით, კომპანია, რომელიც წლებია, ფლობს მანგანუმის მადნის მოპოვების ლიცენზიასა და ახორციელებს მანგანუმის გამდიდრებასა და გადამუშავებას, საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით აგრძელებს. როგორც მდინარის, ასევე, ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით, არათუ გამოასწორა კომპანიამ საქმიანობა, არამედ ბევრად დაამძიმა, რაც ადგილზე, ფაქტობრივად, ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფას სიტუაციას ქმნის.
შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ აღნიშნულმა სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა ერთი თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა, სადაც გარემოზე მიყენებული ზიანის თავიდან ასაცილებლად, ეტაპობრივი ღონისძიებები იქნება განსაზღვრული“, – აღნიშნულია “ჯორჯიან მანგანეზის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები