რა გაკეთდა და რა იგეგმება ჩუღურეთის რაიონში- ბერაძე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების შესახებ საუბრობს

თბილისის საკრებულოს ფრაქციის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რიმა ბერაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ჩუღურეთის რაიონში განხორციელებული პროექტები მიმოიხილა. მან აქცენტი იმ გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე და ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე გააკეთა, რომელიც რაიონშია, თუმცა მოქმედი მთავრობა ეტაპობრივად ცდილობს, მოსახლეობის ცხოვრების დონე გააუმჯობესოს.
„ჩუღურეთის რაიონში ასზე მეტი ქუჩის პროექტი განხორციელდა, არათუ ცენტრალური ქუჩები, არამედ არ დარჩენილა არც ერთი ჩიხი, ეზო და შესახვევი, სადაც ინფრასტრუქტურული პრობლემები არ მოგვარებულიყო. „ახალი ტიფლისის“ ფარგლებში, განხორციელდა აღმაშენებლის ქუჩის პროექტი, სადაც აღდგა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 45 კულტურული მემკვიდრეობის სახლს. სულ ცოტა ხანში დაიწყება ტიფლისი № 2-ის – ორბელიანის მოედნის პროექტირება, სადაც ანალოგიური პროექტი განხორციელდება, ვორონცოვის მოედნიდან ორბელიანის მოედნის ჩათვლით. ვიწყებთ ფიროსმანის ქუჩის პროექტირებას, მოხდება ამავე ქუჩაზე არსებული ფიროსმანის მუზეუმის აღდგენა-რეაბილიტაცია . წელს ჩუღურეთის რაიონში იგეგმება კიდევ ექვსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა . ახლახან, დავიწყეთ ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ილია ჭავჭავაძის მუზეუმის აღდგენა-რეაბილიტაცია .14 საბავშვო ბაღიდან 80%-ზე მეტი ძალიან ძველი შენობა იყო და მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო აგებული, ამ კუთხით, მერიის ხელმძღვანელობასთან ერთად , ჩვენი ინიციატივით, გადაიდგა ნაბიჯები და ჩიტაიას ქუჩაზე დასრულდა 250 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი, სადაც 40- მდე ჩუღურეთელი იქნება დასაქმებული. პალიასტომის ქუჩაზე დაიწყო 400 აღსაზრდელზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, სადაც 80-მდე ადამიანი დასაქმდება“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, განხორციელდა სოციალური პროექტებიც. საკრებულოს დეპუტატის თქმით, სხვადასხვა სოციალური პროექტებით, დახმარება დაახლოებით 53 000 ადამიანს გაეწია.
„პირადად ჩემი სამიზნე ჯგუფებია სოციალურად დაუცველები, მარტოხელა დედები, პრობაციონერი ქალბატონები, მარტოხელა პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, პედაგოგები, მოსწავლეები, ახალგაზრდები, ვეტარანები, დევნილები და ასე შემდეგ. ამ კონტინგენტის სოციალური მდგომარების გაუმჯობესებისთვის ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა“, – აღნიშნა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები