ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატებმა შესაძლოა, ფარცხალაძის პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ლაშა თორდიას სასამართლოში უჩივლონ

ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატებმა შესაძლოა, ოთარ ფარცხალაძის პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ქვეყნის მთავარ აუდიტორს სასამართლოში უჩივლონ. ამის შესახებ ფარცხალაძის ადვოკატმა, მერაბ ჩიქოვანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა. ფარცხალაძის ადვოკატები გენერალურ აუდიტორს იმ დასკვნის გამოქვეყნებას სთხოვენ, სადაც აუდიტის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას თქმით, ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გეგმავენ, სასამართლოს მიმართონ.
„ბატონი ოთარ ფარცხალაძისადმი საჯაროდ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება უძრავ ქონებას, მოვუწოდებთ მთავარ აუდიტორს, ამ აჟიოტაჟის მთავარ პერსონაჟს, დროულად გამოაქვეყნოს ის დასკვნა, რომელზეც უკვე დღეებია, მიდის საუბარი, თუმცა დასკვნა საკუთარი თვალით არავის უნახავს. საზოგადოებისგან ბატონ ოთარს არაფერი აქვს დასამალი. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სამართლებრივ ორგანოებს თხოვნით, თუკი ეს დასკვნა რეალურად არსებობს და დღის სინათლეს იხილავს, შეისწავლონ ეს დასკვნა და საზოგადოებას ამცნონ სიმართლე. იმ შემთხვევაში, თუ ბატონი თორდია არ გამოაქვეყნებს დასკვნას, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს, ბატონი ფარცხალაძის პატივისა და ღირსების შელახვისათვის“, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი. ლაშა თორდიას საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, თუმცა არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით, ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან სამ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები