ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები ლაშა თორდიას მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  უფროსს, ლაშა თორდიას მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ოთარ ფარცხალაძის ინტერესების დამცველებმა, გაგი მოსიაშვილმა და მერაბ ჩიქოვანმა სპეციალური განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთეს.
​ადვოკატების თქმით, ლაშა თორდიას მიერ   მოწმეების მისამართით გაკეთებული  განცხადებების შემდეგ, მათ ხელი შეეშალათ თვითმხილველების დაკითხვაში. ადვოკატები არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავენ, ყურადღება მიაქციონ ლაშა თორდიას განცხადებებს.
“ჩვენ ღიად და საჯაროდ მოვუწოდებთ მომხდარი შემთხვევის ნებისმიერ თვითმხილველ პირს, არ შეგეშინდეთ საქართვლოს მთავარი აუდიტორის მუქარის, ნუ მოგერიდებათ, თქვათ სიმართლე, ვინაიდან,  სწორედ სიმართლეშია ჩვენი მოქალაქეთა ძალა და სწორედაც, რომ სიმართლე არის უზენაესი ღირებულება, რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ. სიმართლეს დავიცავთ მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის თქმით.
ჩვენი ასეთი ღია  მოწოდება ნებისმიერი თვითმხილველი პირის მიმართ განპირობებულია იმით, რომ ინფორმაციის შეგროვების დროს, უკვე არაერთმა ნეიტრალურმა პირმა, რომელიც სტუმრობდა მოცემულ კაფე- ბარს და იყო  მომხდარის თვითმხილველი,   უარი განაცხადა გამოკითხვაზე და მათი მხრიდან  აპელირება გაკეთდა ლაშა თორდიას  სატელევიზო განცხადებაზე (ტელეკომპანია „რუსთავი2“-ი, გადაცემა „არჩევანი“), სადაც ეს უკანასკნელი ცინიზმით მოიხსენიებს საკუთარ  თანამოქალაქეებს („ვითომ მოწმეები“)  და აცხადებს, რომ მათ აუცილებლად მოსთხოვს პასუხს. ასეთი ტიპის მუქარამ თავისი ნაყოფი  გამოიღო და დღეს არაერთი ნეიტრალური ადამიანი უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე.
ბატონი თორდიას მუქარები ამით არ დასრულებულა და  ის უკვე საჯაროდაა გადასული ადვოკატისა და ბატონი ოთარ ფარცხალაძის ირიბ მუქარაზე (“საზოგადოებრივი მაუწყებელი” გადაცემა „მოამბე“). შევახსენებთ ბატონ თორდიას, რომ როგორც პროვოკაცია, ცრუ დასმენა, ასევე მუქარა და ადვოკატების საქმიანობისთვის ხელის შეშლა დასჯადია კანონმდებლობით და ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, მისგან განსხვავებით, დროულად შევატყობინებთ  სამართალდამცავ ორგანოებს. ამავე დროს, ვთხოვთ სამოქალაქო სექტორს, ყურადღება მიაქციონ ამ პირის ასეთ გამონათქვამებს, ვინაიდან რეალობაა ისიც, რომ საქართველოს მთავარი აუდიტორი ასე მეტყველებს, ღიად და საჯაროდ, რაც ნათლად ავლენს მის რეალურ სახეს“,  – აცხადებენ   ადვოკატები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები