“ავთო საყვარელიძემ ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის წილების ხელში ჩაგდების ახალი სქემა მოიფიქრა”

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს შპს „თ.ჯ. თრეიდი“ ფ/პ ბადრი წილოსანის წინააღმდეგ“ საქმეზე ავთანდილ საყვარელიძის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბადრი წილოსანისთვის მიყიდული ქონების გადაფორმების ხელშეკრულება ბათილად სცნო. საუბარია ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის წილის 25%, რომელსაც ბიზნესმენი ბადრი წილოსანი ჯერ კიდევ 2004 წლამდე ფლობდა.
ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ადვოკატის ინფორმაციით, ავთანდილ საყვარელიძე, რომელმაც ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა 2005 წელს მაშინდელი ხელისუფლებისგან პირდაპირი მიყიდვის წესით მიიღო, ცდილობს ქარხანა თავდაპირველ მფლობელ ბადრი წილოსანს მეორედ წაართვას.
მისივე განცხადებით, 2004 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ ბადრი წილოსანი დააპატიმრა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იძულების წესით გააფორმებინა ხელშეკრულება,რომლის მეშვეობითაც ბიზნესწილები უსასყიდლოდ სახელმწიფო ბალანსზე აღმოჩნდა.
მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი საქმის მასალების მიხედვით, სწორედ აქ ჩნდება ავთანდილ საყვარელიძე, რომელმაც 2005 წელს, უპრობლემოდ, ყოველგვარი აუქციონისა და ჯანსაღი კონკურენციის გვერდის ავლით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის წესით მიიღო ქარხნის საკონტროლო პაკეტი.
მასალების მიხედვით, ავთანდილ საყვარელიძეს რომ განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მისივე საუბრისას დაადასტურა.
„ავთანდილ საყვარელიძე მისი დაკითხვისას აცხადებს, რომ მას ადეიშვილთან, სააკაშვილთან და ყველასთან, ვინც იმ დროს ხელისუფლებაში იყო, აკავშირებდა ახლო ნაცნობობა, იცოდა მათი ტელეფონის ნომრები”,- აღნიშნულია საქმის მასალებში.
ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ადვოკატის ინფორმაციით, 2008 წელს, ბადრი წილოსანმა მიიღო გადაწყვეტილება, იძულებით ჩამორთმეული, შემდგომ კი გაკოტრებული ქარხანა, არსებული ვალებით ავთანდილ საყვარელიძისგან შეეძინა.
მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, გადაფორმება ნოტარიუსში მოხდა, საყვარელიძემ კი თანხა, გადაფორმების დღესვე მიიღო, რადგან ხელშეკრულებაში ჩადებული იყო შემდეგი შინაარსის მუხლი: თუ ბადრი წილოსანი იმ დღესვე არ გადაიხდიდა თანხას, მას სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევდა, ხუთი დღის დაგვიანების შემთხვევაში კი ხელშეკრულება შეწყდებოდა და ზიანის ანაზღაურების გადახდა მოუწევდა შპს „თ.ჯ. თრეიდისთვის“.
მოსარჩელე ავთო საყვარელიძე ამბობს, რომ მისთვის ქონების იძულებით ჩამორთმევაში ჩართული იყო „საქართველოს რკინიგზა“ საქართველოში არსებული ორი უმსხვილესი ბანკი, ფინანსური პოლიცია, პროკურატურა, ნოტარიუსი, რაც მოპასუხე მხარისთვის გაუგებარია.
„თუ მყიდველის მიმართ განხორციელდა იძულება და როგორც თავად მყიდველი აცხადებს ამ „იძულებაში“ ჩართული ყოფილა სს „საქართველოს რკინიგზა“, საქართველოში არსებული ორი უმსხვილესი ბანკი, ფინანსური პოლიცია, საქართველოს პროკურატურა, ნოტარიუსი, აღნიშნულ საკითხზე შეკრებილი ყოფილა საქართველოს მთავრობა, მაშინ გაუგებარია რატომ მოხდა საერთოდ ნასყიდობის თანხის გადახდა. ამ შემთხვევაში მოხდებოდა ისე, როგორც მოხდა ბატონი ბადრი წილოსანის შემთხვევაში 2004 წელს, რომელმაც უბრალოდ ციხეში სახელმწიფოს აჩუქა (ყოველგავრი კომპენსაციის გარეშე) მის საკუთრებაში არსებული აქციები. ნასყიდობის ღირებულებად მითითებულია 1,100,000 აშშ დოლარი. თანხის გადახდის ფაქტი ასევე დასტურდება საქმეში არსებული საგადახდო დავალებით”,- აცხადებს ელექტრო ვაგონშემკეთებელი ქარხნის ადვოკატი.
მისივე განმარტებით, გადახდილი ნასყიდობის თანხა სრულად შეესაბამებოდა იმ დროისათვის ქარხნის აქციების საბაზრო ღირებულებას, რაც დასტურდება სახელმწიფო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი დასკვნით.
მოსარჩელე „თ.ჯ. თრეიდი“, რომლის მფლობელიც ავთო საყვარელიძეა ირწმუნება, რომ „საქართველოს რკინიგზა“ მას ფინანსურ კოლაფსში ამყოფებდა, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები განსხვავებულ რეალობაზე მიუთითებენ.
„საქართველოს რკინიგზამ“ ქარხნის მენეჯმენტში თ.ჯ. თრეიდის ყოფნის პერიოდში ამავე ქარხანას დაუკვეთა 62 433 991 ლარის მომსახურება და უფრო მეტიც, რკინიგზა არამხოლოდ უკვეთავდა სხვადასხვა მომსახურებას ქარხანას, არამედ ავანსის სახით, წინასწარი გადახდის ფორმით, ისე რომ ჯერ არც კი ჰქონდა არც ერთი ვაგონი გარემონტებული, ქარხანას ისე ურიცხავდა ათეული მილიონობით ლარის ავანსებს. საინტერესოა, თუ რკინიგზის მიზანს წარმოადგენდა ქარხნისთვის ხელოვნური ფინანსური სირთულეების შექმნა, რაღატომ აძლევდა ახალ დაკვეთებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რატომ ურიცხავდა მას წინსწრებით მილიონობით ლარს“,- ამბობს ადვოკატი.
შპს „თ.ჯ. თრეიდს“ დღეის მდგომარეობით თავად გააჩნია სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ ვალი 28 000 000 ლარის ოდენობით, რაც კომპანიის მიერ არის აღიარებული.
საქმეზე დაკითხული ნოტარიუსი ამბობს, რომ  მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე მუშაობა მიმდინარეობდა დიდი ხნის განმავლობაში და იგი არ იყო მოულოდნელად, სწრაფად გაფორმებული. ასევე, ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესი მიმდნარეობდა მშვიდ ვითარებაში და არავითარ იძულების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები