ზურა ალავიძე: უმჯობესი იქნება, ყველა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს არჩეულ ხელმძღვანელს ერთი სახელი ერქვას-მერი

“უმჯობესი იქნება, ყველა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს არჩეულ ხელმძღვანელს ერთი სახელი ერქვას – მერი”, – აღნიშნული ინიციატივით გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუს დროს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე გამოვიდა. როგორც გამოცემასთან საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიაზე სამინისტრო მუშაობს და წლის ბოლომდე შემუშავდება.
მისივე მტკიცებით, მერი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად აღარ მიიღებს, რადგან მისი განმარტებით, მერიაში აღმასრულებელი კოლეგიური ორგანო ჩამოყალიბდება, რომელიც მერის მოადგილეებსა და სამსახურების უფროსებს გააერთიანებს.
”დღეს მერისა და გამგებლის ფუნქციებში არანაირი სხვაობა არ არის. ამიტომ უმჯობესი იქნება, ყველა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს არჩეულ ხელმძღვანელს ერთი სახელი ერქვას – მერი, რაც ევროპული და ყველგან მიღებული ტერმინია. გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იქნება ყველა აუცილებელი დარგობრივი რგოლი. ამასთან, კოლეგიური ორგანოს მსჯელობა იქნება ღია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამით გაიზრდება პროცესის გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობის ხარისხი.
მაგალითად, მერი საკრებულოს წარუდგენს თავისი მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების კანდიდატურებს და მხოლოდ საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში დანიშნავს მათ. საკრებულოების მეშვეობით, მოქალაქეებს ექნებათ მეტი საშუალება, გავლენა მოახდინონ მერიის მუშაობაზე.
ყველა დასახლებაში შეიქმნება ტერიტორიული ორგანოები და ამ სათათბირო საბჭოებს, გამგებლის უფუნქციო წარმომადგენლის ნაცვლად, ეყოლება ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის მიერ შერჩეული 10-15-წევრიანი სათათბიროს გადაწყვეტილებების მიტანას მერიამდე. მასვე დაეკისრება ამ გადაწყვეტილებების ადგილზე აღსრულების მონიტორინგის ფუნქცია.
საბჭო იმსჯელებს გზებზე, წყალმომარაგებაზე, გამწვანებაზე, ქალაქებში კორპუსების კეთილმოწყობაზე და ა.შ. გარანტიებს კი, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობდა, ქმნის კონსტიტუციის პროექტის ის ნაწილი, რომლის თანახმადაც, უფლებამოსილების გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდირების პრინციპს და რაც მთავარია, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ფინანსური სახსრების შესაბამისობა ორგანული კანონით დადგენილ უფლებამოსილებებთან. კონსტიტუციის პროექტში გაწერილია, რომ თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი ქონება, ფინანსები და ის დამოუკიდებლად ადგენს თავის ორგანიზაციულ მოწყობას და იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს”, – აღნიშნა ალავიძემ და დასძინა, რომ ყველა მუნიციპალიტეტს არჩეული ხელმძღვანელი ეყოლება.
როგორც გამოცემასთან საუბრისას მინისტრმა განაცხადა, არ შემცირდება არც ერთი შერწყმული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მენეჯმენტის ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი ბიუროკრატიული ხარჯები კი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები