კახა კალაძე: ჩვენ არათუ ვქმნით ახალ პროექტებს, არამედ ვიბრუნებთ წლების წინ გასხვისებულ სპორტულ სივრცეებს და რეკრეაციულ არეალებს, რადგან ეს ყველაფერი ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისაა

დიღმის მასივში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი საფეხბურთო ცენტრი „ავაზა“ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად დაესწრო.

დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას ცენტრალურ ხელისუფლებასა და პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„მიხარია, რომ კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატა ჩვენს დედაქალაქს. რამდენიმე წლის წინ საზოგადოებას დავპირდით, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული კომპლექსი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რეალურად შევცვალეთ ის მავნე დამოკიდებულება, რაც 2012 წლამდე იყო სპორტის, ქართული ფეხბურთის, რეკრეაციული სივრცეების მიმართ. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ არათუ ვქმნით ახალ პროექტებს, არამედ ვიბრუნებთ წლების წინ გასხვისებულ სპორტულ სივრცეებს და რეკრეაციულ არეალებს, რადგან ეს ყველაფერი არის ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების.

დარწმუნებული ვარ, ეს კონკრეტული საფეხბურთო მოედანი გაზრდის ძალიან ბევრ ვარსკვლავს, ისეთებს, როგორებიც იყვნენ: ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე, არველაძეები, ხვიჩა კვარაცხელია და ბევრი სხვა. ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ფეხბურთის ფედერაციასთან ურთიერთთანამშრომლობით, იმ მნიშვნელოვანი პროგრამების გამოყენებით, რომლებიც ფიფა-ს და უეფა-ს აქვს, შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა სპორტისთვის. მერწმუნეთ, მომდევნო წლების განმავლობაში, ბევრ კიდევ ასეთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

აღნიშნული ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში არსებობდა, თბილისის მერიამ მუნიციპალიტეტს დაუბრუნა და 2022 წელს ფეხბურთის ფედერაციას საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადასცა.

კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო სტანდარტული და მინი მოედნები ტრიბუნითა და განათებით. ასევე, აშენდა ადმინისტრაციული კორპუსი გასახდელებით. ახალი ინფრასტრუქტურის გამოყენებას ბავშვთა ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები უფასოდ შეძლებენ.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფიფა-ს პროგრამა FORWARD-ისა UEFA-ს პროგრამა Hattrick-ის დაფინანსებით განხორციელდა.

ღონისძიებას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი, ფიფა-სა და უეფა-ს წარმომადგენლები, ასევე, ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები