კახა კალაძე – „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებაზე: ასეთი განცხადებების მთავარი მოტივაცია არის ის, რომ დააზიანონ ქვეყნის იმიჯი და საქართველოს ხელისუფლება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებას, სადაც საუბარია  დაპატიმრებული პირების, მათ შორის მზია ამაღლობელის ინტერესებისთვის ბრძოლაზე, კონკრეტული მიზანი გააჩნია.

„მე არ ვიცი, რას ემსახურება ამ ტიპის უაზრო განცხადებები, სხვანაირად ამას ვერ შეაფასებ, რადგან არსებობს კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული მტკიცებულებები, როდესაც ადამიანები ჩადიან დანაშაულს. ამ ფონზე მიმდინარეობს პროპაგანდა, რომ ვიღაცები გადაარწმუნონ, აზრი შეუცვალონ, მაგრამ რას უშვრებიან დაკავებულთა კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებს? ყველამ  ნახა, მაგალითად, ქალბატონი მზია ამაღლობელი როგორ ურტყამს ხელს პოლიციელს. ასეთი ქმედებებისთვის ევროპული პოლიცია როგორ მოქმედებს, ჩვენ ვიცით“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებების მიზანია ქვეყნის იმიჯის, საქართველოს ხელისუფლების დაზიანება და ხელისუფლების ხელში ჩაგდება.

„ყველა განცხადება, რომელსაც ვისმენთ საქართველოსთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ დააზიანონ ქვეყნის იმიჯი და საქართველოს ხელისუფლება. მაგრამ ყველაზე მთავარი არის საქართველოს მოსახლეობის აზრი და ამაში უშვებენ ძალიან დიდ შეცდომას. ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რა ხდება რეალურად, ძალიან კარგად აფასებს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც გარედან გაგიჟებულები იბრძვიან ვითომ საქართველოს დემოკრატიისთვის, თითქოს ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე გული შესტკივათ. რეალურად მათი მთავარი ამოცანა და მიზანი არის ის, რომ როგორმე ხელისუფლების სადავეები ხელში ჩაიგდონ იმისთვის, რომ მაშინვე ქვეყანა ჩართონ ომში რუსეთის წინააღმდეგ და გააღვივონ ის პროცესები, რაც ხდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტობისას, ნიკა გვარამია „მაკკეინის ინსტიტუტის“ დავალებით შეიწყალა, როგორც ამაზე „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებაშია საუბარი, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს გამორიცხული არ არის.

„არაფერია გამორიცხული, ნუ გაგიკვირდებათ. სალომე ზურაბიშვილი არის ისეთივე ჩვეულებრივი აგენტი, როგორც დანარჩენი რადიკალები – გვარამია და სხვები. არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ჩვეულებრივი აგენტურაა – ჰყავთ თავიანთი პატრონები და რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. არც ეს არის გამორიცხული, რაზეც თქვენ ხაზი გაუსვით, რომ სალომე ზურაბიშვილს მიაღებინეს ეს გადაწყვეტილება, უბრძანეს, დაავალეს, რომ ის ყოფილიყო გათავისუფლებული“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები