თინათინ რუხაძე კულტურის სამინიტროს მხარდაჭერით გამოცხადებული კონკურსის, „ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობის“ გამარჯვებულ ახალგაზრდებს შეხვდა
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სამინისტროს მხარდაჭერით გამოცხადებული კონკურსის „ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობის“ გამარჯვებულ ახალგაზრდებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, როგორც შეხვედრაზე თინათინ რუხაძემ აღნიშნა, ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კულტურის მინისტრის განცხადებით, წლევანდელი კონკურსისთვის ბიუჯეტი 500 000 ლარამდე გაიზარდა, რის შედეგადაც 26 ნიჭიერ ახალგაზრდას საშუალება მიეცა, აკადემიურ პროგრამებზე ისეთ საერთაშორისო სახელოვნებო სასწავლებლებში ისწავლონ, როგორიცაა: ჯულიარდისა და ბერკლის სამუსიკო სასწავლებლები, მიუნხენის კონსერვატორია, ლონდონის მუსიკის სამეფო კოლეჯი, ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი და სხვა. თინათინ რუხაძემ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.
„მიხარია, რომ წელს კიდევ უფრო მეტი სახსრები გამოვნახეთ და ამ პროექტისთვის ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო. ჩვენ გვაქვს დეფიციტური პროფესიები, რომელთა ათვისებაზე დღეიდან თუ არ ვიფიქრებთ, ხვალინდელი განვითარების დაგეგმვა გაგვიჭირდება. ჩვენი ქვეყნისთვის ყველა თქვენნაირი ახალგაზრდა ძალიან ძვირფასია. ველოდებით თქვენგან დიდ კარიერულ წინსვლასა და წარმატებას. ახლა თქვენ იმ ქვეყნებსა და უნივერსიტეტებში, სადაც მიდიხართ, ჩვენი ქვეყნის პატარა ელჩები ხართ. თქვენ ხართ ის მომავალი, რომლისთვისაც ვშრომობთ, რათა სწორედ თქვენ გადაიბაროთ კარგი ქვეყანა“, – განაცხადა მინისტრმა.
წლევანდელი კონკურსისთვის ბიუჯეტის 500 000 ლარამდე გაზრდა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ-ის – შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia
ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. კულტურის მინისტრმა „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორ რუსუდან ჭუმბურიძესა და მის გუნდს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდებთან შეხვედრას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილეები გიორგი მირცხულავა და ბექა დავითულიანი, ასევე, სსიპ-ის – „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორი რუსუდან ჭუმბურიძე ესწრებოდნენ.
კონკურსი „ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა“ 2021 წლიდან ყოველწლიურად ცხადდება.