უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-თან სავაჭრო შეთანხმებას წამგებიანს უწოდებს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ აშშ-სა და ევროპას შორის ტარიფების შესახებ ახალი სავაჭრო შეთანხმება ამერიკისთვის კარგი და ევროპისთვის ძალიან ცუდია.
მანამდე, აშშ-მა და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ ვაჭრობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ ყველა ამერიკულ სამრეწველო საქონელზე ტარიფების გაუქმებას, ხოლო აშშ შეინარჩუნებს 15%-იან ტარიფს ევროპული საქონლის უმეტესობაზე.
ევროკავშირი ასევე გეგმავს 2028 წლისთვის დაახლოებით 750 მილიარდი დოლარის ღირებულების აშშ-ის თხევადი ბუნებრივი აირის, ნავთობისა და ბირთვული პროდუქტების და მინიმუმ 40 მილიარდი დოლარის ღირებულების აშშ-ის ხელოვნური ინტელექტის ჩიპების შეძენას თავისი მონაცემთა ცენტრებისთვის. გარდა ამისა, ევროკავშირი ასევე გეგმავს აშშ-სგან სამხედრო და თავდაცვის აღჭურვილობის შესყიდვების მნიშვნელოვნად გაზრდას.
„ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ტარიფების შესახებ შეთანხმება კარგია აშშ-სთვის და ცუდია ევროპისთვის. ევროკომისიის ლიდერებმა არაერთხელ აჩვენეს თავიანთი სრული არაკომპეტენტურობა მოლაპარაკებებში: დონალდ ტრამპმა და აშშ-ის მთავრობამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, როდესაც ფაქტობრივად საუზმეზე ბრიუსელის დელეგაცია შეჭამეს“, – დაწერა სიიარტომ Facebook-ზე.
როგორც მან აღნიშნა, ევროპულ საქონელზე ადრე 2-3%-იანი გადასახადი იბეგრებოდა, ახლა კი 15%-იანი გადასახადი დაეკისრება, მაშინ როცა ამერიკელები ადრე 10%-იან ფასნამატს იხდიდნენ, ახლა კი ტარიფი ნულოვანი გახდა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს „კარგი გარიგებაა ამერიკელებისთვის და ძალიან ცუდი ევროპისთვის“, ხოლო ევროკომისიამ და მისმა პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „კიდევ ერთი დარტყმა მიაყენეს ევროპის ეკონომიკას“.
„ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად დავიცვათ უნგრეთის ეკონომიკა ევროკომისიის არაკომპეტენტურობის შედეგებისგან, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს სტრატეგიულ პარტნიორ კომპანიებთან ინდუსტრიის დაცვისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების ზომებთან დაკავშირებით“, – განაცხადა სიიარტომ.