“ჩვენ, ჩვენი ხელით ვთმობთ საკუთარ სუბიექტურ პოზიციებს იმისთვის, რომ ქვეყანა დავაზღვიოთ საფრთხეებისგან”

„ჩვენ, ჩვენი ხელით ვთმობთ საკუთარ სუბიექტურ პოზიციებს იმისთვის, რომ ქვეყანა დავაზღვიოთ ისეთი საფრთხეებისგან, რაც ძალიან კარგად გვახსოვს ჩვენი წარსული წლებიდან“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მცხეთაში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა პროპორციულ სისტემად გარდაიქმნება.
”დღეს საქართველოში მოქმედებს შერეული საარჩევნო სისტემა და გადაწყვეტილია ამ სისტემის პროპორციულ სისტემად გარდაქმნა. ნებისმიერ სისტემას აქვს თავის პლუსები და მინუსები. დღევანდელი სისტემა ,იურიდიული თვალსაზრისით, აბსოლუტურად გამართულია. ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ გავითვალისწინეთ წარსული ნეგატიური გამოცდილება. საქართველოში ორჯერ, საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ სისტემით მოიპოვა ორმა სხვადასხვა ხელისუფლებამ და ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა ბოროტად იყო გამოყენებული იმისთვის, რომ ჩამოყალიბებულიყო ჯერ ნახევრად ავტორიტარული, ხოლო შემდეგ ავტორიტარული მმართველობა. ამ ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავიდეთ შერეულიდან პროპორციულ სისტემაზე. ჩვენ, ჩვენი ხელით ვთმობთ საკუთარ სუბიექტურ პოზიციებს იმისთვის, რომ ქვეყანა დავაზღვიოთ ისეთი საფრთხეებისგან, რაც ძალიან კარგად გვახსოვს ჩვენი წარსული წლებიდან. ესეც პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა”, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, პროპორციული სისტემა სამი ძირითადი ელემენტით ხასიათდება, კერძოდ, პირველი ელემენტი გულისხმობს ბლოკების აკრძალვას, რაც პარტიული სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.
კობახიძის ინფორმაციით, პარტიებისთვის ძალაში რჩება 5%-იანი ბარიერი და ასევე, შემოვა მანდატების გადანაწილების ახალი წესი, რომლის მიხედვითაც გადაუნაწილებელ მანდატებს გამარჯვებული პარტია მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები