“ჩვენ მოსახლეობას, საზოგადოებას არაერთგზის ავუხსენით ამ ობიექტის უსაფრთხოება და სრული შესაბამისობა მსოფლიო სტანდარტებთან”

“ადგილობრივ მოსახლეობასაც, საზოგადოებასაც არაერთგზის ავუხსენით ამ ობიექტის უსაფრთხოება და სრული შესაბამისობა მსოფლიო სტანდარტებთან”, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა „ქსანი-სტეფანწმინდის” დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“გადამცემი ხაზი არის მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის და რეგიონისთვის კონკრეტულად. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასაც, საზოგადოებასაც არაერთგზის ავუხსენით ამ ობიექტის უსაფრთხოება და სრული შესაბამისობა მსოფლიო სტანდარტებთან.
პირადად მე, არაერთხელ ვიყავი ჩასული ადგილზე, ვესაუბრე ადგილობრივებს, გავაცანი მთავრობის შესაბამისი დადგენილება და არანაირი წინაღობა ხალხის მხრიდან საკითხს არ ჰქონია. ამჟამად ამ ხალხთან ჩადიან რაღაც ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობაში ცდილობენ, პანიკის ან დაძაბულობის შეტანას. პროექტის შესახებ აწვდიან მცდარ ინფორმაციას.
რაც შეეხება ადგილობრივ მცხოვრებლებს, მსურს კიდევ ერთხელ დავარწმუნო ყველა, რომ ჩვენი ხელისუფლების არცერთი ნაბიჯი და გადაწყვეტილება არ არის მიმართული თუნდაც ერთი ადამიანის საზიანოდ – მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის და ეკონომიკის განვითარებისკენ.
ჩვენ მოვუწოდებთ ადგილობრივ თვითმმართველობას, გამგებლებს და თემის წარმომადგენლებს, მოახდინონ მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება და კიდევ რამე კითხვის ნიშნები თუ არსებობს, ჩვენ არგუმენტებს მივაწვდით.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ – რაც შეეხება დესტრუქციულ ჯგუფებს, ეს საზოგადოებამ განსაჯოს ვის და რის ინტერესებს ემსახურებიან. მივმართავ ამ პროცესების უკან მდგომებს: შეეშვით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, გარწმუნებთ, თქვენი მიზნების მიღწევა არ გამოგივათ. არეულობის ინსპირირების მცდელობას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება, კანონის ფარგლებში”, – განაცხადა ელოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები