რას აცხადებს ბაბუის მკვლელობისთვის დაკავებული გოგონას ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაბუის მკვლელობისთვის ბრალდებული გოგონასა და მისი თანამზრახველის აღმკვეთი ღონისძიების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობას ითხოვს. თუმცა, ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი პროკურატურის ბრალდებას არ ეთანხმება და მისი კლიენტის უდანაშაულობაზე საუბრობს.
„ბრალდებულის პოზიციას შეიტყობთ პროცესის დასრულების შემდეგ. რაც არ ჩაუდენია, იმას არ აღიარებს გოგონა“, -აცხადებს ადვოკატი.
დაცვის მხარის ინფორმაციით, ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მარიამ კუპრეიშვილი და მისი თანამზრახველი 18 წლის გ. გვარამია თანაკურსელები არიან. ორივე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
„დუმილის უფლებას იყენებს ამ ეტაპზე, საქმის მასალებიც სულ ახლახან გადმოგვეცა, უფრო სწორად, სახაზინო ადვოკატს გადაეცა. როგორც ვიცი, თანამზრახველი გ. გვარამია გოგონას კურსელი და მეგობარია. შვილიშვილი მივიდა პაპასთან და მიიყვანა თავისი მეგობარი. ბრალდების დადგენილებაში მოტივი არ წერია“, – ამბობს ერთ-ერთი ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს ინფორმაციით, 76 წლის მამაკაცი შვილიშვილმა და მისმა თანამზრახველმა 9 მაისს, ბუდაპეშტის ქუჩა N 3 – ში, ანგარების მიზნით მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დასაფარად, ხანძარი გააჩინეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები