“ჯანელიძემ ეკონომიკური დიპლომატია თავისი პლატფორმის ქვაკუთხედად აქცია”- “Global Risk Insights”-ი

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე: დიპლომატი, რომელსაც ხედვა გააჩნია”, – ამ სათაურით მსოფლიოს გავლენიანი ინტერნეტგამოცემა “Global Risk Insights”-ი ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომლის თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
საგაზეთო სტატია მთლიანად საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის, მიხეილ ჯანელიძის განათლებას, კარიერულ განვითარებას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებსა და მომავლის პერსპექტივებს ეთმობა.
„მინისტრ ჯანელიძეს გააჩნია ის აუცილებელი დიპლომატიური ხედვა, რომელმაც ქვეყანა დასავლეთის მეგობრულ კავშირებსა და რუსეთის მიერ თავსმოხვეულ ურთიერთობებს შორის არსებულ ბეწვის ხიდზე უნდა ატაროს”, – ნათქვამია სტატიაში.
​სტატიის ავტორი – ჯონათან ჰუგენდორნი განსაკუთრებულ ყურადღებას მიხეილ ჯანელიძის საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკისა და ურთიერთობების ცოდნაზე ამახვილებს. ავტორი წერს, რომ როგორც ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ევროკავშირთან ვაჭრობის შეთანხმების საკითხებზე მთავარი მომლაპარაკებელი, ის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობისთვის საუკეთესო კანდიდატი აღმოჩნდა.
„ჯანელიძემ ეკონომიკური დიპლომატია თავისი პლატფორმის ქვაკუთხედად აქცია, ეს არის ლიდერი, რომელსაც როგორც ეკონომიკური, ისე დიპლომატიური განათლება გააჩნია. სავაჭრო ურთიერთობების კვალიფიციური ცოდნა ჯანელიძეს შესაძლებლობას მისცემს, საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ვაჭრობის სტიმულირებას შეუწყოს ხელი და საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდგომარეობა მთავარ რესურსად აქციოს”, – ნათქვამია სტატიაში.
ამ თვალსაზრისით, სტატიის ავტორი მიხეილ ჯანელიძის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ მიხეილ ჯანელიძეს კარგად ესმის სამხრეთ დერეფნის პროექტისა და თურქეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სხვა პროექტების მნიშვნელობა. გარდა ამისა, მიხეილ ჯანელიძე მიიჩნევს, რომ საქართველო და თურქეთი მომავალში ენერგოინფრასტრუქტურის მთავრი მოთამაშეები იქნებიან.
​ჯონათან ჰუგენდორნი სიღრმისეულად აანალიზებს საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობას, რომელიც, როგორც სტატიაშია ნათქვამი, ბევრად უფრო რთული სფეროა, ვიდრე ევროპასა და ევრაზიულ სივრცეში მიმდინარე სავაჭრო ლიბერალიზაციის პროცესი. ავტორი წერს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აქტიურად ახორციელებს ნატოში გაწევრიანების პოლიტიკას, მაგრამ ამავდროულად, კარგად აცნობიერებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსაც, ამასთან, ის ცდილობს, რუსეთთან ურთიერობა სავაჭრო სიბრტყეზე გადაიყვანოს. ჯონათან ჰუგენდორნის აზრით, ამან, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, პოლიტიკური ურთიერთობების გამოსწორებასაც შეუწყოს ხელი, როგორც ეს ჩინეთისა და ამერიკის შემთხვევაში მოხდა.
„ახლო მეგობარი კავკასიაში, რომელიც ვაჭრობის ლიბერალიზაციისა და ორგანიზებული უსაფრთხოების იდეების ერთგულია – ეს სწორედ ის ლიდერია, რომელიც ევროპას ამ არეულ დროში სჭირდება”, – ასკვნის სტატიის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები