იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 64 მოსამართლე აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის შედეგებს ასაჯაროვებს და შესაბამის განცხადებას ავრცელებს.

როგორც საბჭოში აცხადებენ, სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის შედეგად 64 მოსამართლე აირჩიეს.

„გასაუბრების ეტაპზე გამოცხადდა 104 კანდიდატი. საბოლოოდ შეჯამდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14 წევრის მიერ შევსებული შეფასების ფურცლები 101 კანდიდატზე.

კენჭისყრის ეტაპზე გადავიდნენ მხოლოდ ის მოსამართლეობის კანდიდატები, რომელთა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა მიიჩნია, რომ კანდიდატი აკმაყოფილებდა ან სრულად აკმაყოფილებდა კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. ამასთან, კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას კანდიდატის მიერ მოპოვებული ქულათა ჯამმა შეადგინა ქულათა მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტი. კანონის ამ 2 მოთხოვნის გათვალისწინებით მოსამართლის თანამდებობაზე გასამწესებლად კენჭისყრის ეტაპზე გადავიდა 77 კანდიდატი, შესაბამისად 24-მა კანდიდატმა ვერ დააკმაყოფილა ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები.

77 კანდიდატიდან, სხვადასხვა რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში, მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდა 64 კანდიდატი.

კონკურსი კანდიდატების არ არსებობის გამო ვერ ჩატარდა 7 სასამართლოში, ხოლო 2 სასამართლოში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა კონკურსში.

დანიშნული კანდიდატებიდან: 6 იუსტიციის უმაღლესი სკოლის ყოფილი მსმენელია, 4 – უზენაესი სასამართლოს ყოფილი და მოქმედი მოსამართლე, 1 – საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, 27 არის რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე და 26 არის მოქმედი მოსამართლე“, – აღნიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები