სერ სუმა ჩაკრაბარტი: EBRD-ის საქართველოსთან მუშაობა ძალიან უადვილდება, მათ შორის, ახალი ინვესტორების შემოყვანის კუთხით

„ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ურთიერთობას სამაგალითო,” – განაცხადა ბანკის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრაზე, რომელიც კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში. მისი თქმით, ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. 2016 წელს ბანკმა საქართველოში 250 მლნ. დოლარის ინვესტიცია განახორციელა. პირველმა ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ბანკის თანამშრომლობა და ფინანსური კონსტრიბუცია მომავალ წლებში გაიზრდება.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ვრცლად ისაუბრა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და მის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან მიმართებაში ბანკის სტრატეგია თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ურთიერთობა და თანამშრომლობა საქართველოსთან, რაც დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბდა. ჩვენი შემდგომი სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასთან. გასულ წელს, ჩვენ 250 მლნ. აშშ დოლარით დავაფინანსეთ საქართველოს ეკონომიკა. მომავალში კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას ვაპირებთ,” – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ. მისი თქმით, ბანკს საქართველოსთან მუშაობა ძალიან უადვილდება, მათ შორის, ახალი ინვესტორების შემოყვანის კუთხით.
შეხვედრაზე, ასევე, განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მათ შორის, კაპიტალის ბაზრისა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების ცალკეული მიმართულებების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები