„2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საკითხზე გადაწყვეტილება 2020 წელს არჩეულ პარლამენტს მივანდოთ“

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო პროექტში გაწერილ პრეზიდენტის არჩევის წესს არ იზიარებს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სისტემის საკითხზე გადაწყვეტილება 2020 წელს არჩეულ პარლამენტს უნდა მივანდოთ.
„პრეზიდენტის ინსტიტუტი ვერა და ვერ ვაქციეთ იმად, რაც კონსტიტუციაში დიდი ასოებით გვიწერია – სახელმწიფოს ერთიანობის სიმბოლოდ და გარანტად. ასე გაგრძელება დაუშვებელია, არა ზვიადის, ედუარდის, მიშას, გიორგის მიმართ, არამედ ქართული სახელმწიფოს მიმართ. ეს ერთნაირად უნდა გაითვალისწინონ მომავალმა ზვიად-გიორგებმაც და მთელმა საქართველომაც. შექმნილ ვითარებაში, სწორედ ამის გაუთვალისწინებლობა იქნება „ოცნების“ მიერ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება. არის გამოსავალი. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული მოდელითვე, ერთი მხრივ, 2023 წლამდე ქვეყანას ეყოლება პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი, მეორე მხრივ, გათვალისწინებულია გარკვეულ შემთხვევებში კონსტიტუციური ცვლილებების ორი მოწვევის პარლამენტის მიერ მიღება. ამ ორი პოლიტიკური და სამართლებრივი მიდგომის ერთობლიობა, სათანადო ტექნიკური დამუშავების შემდეგ, იძლევა შესაძლებლობას, 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სისტემის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება 2020 წელს არჩეულ პარლამენტს მივანდოთ. ამ შემთხვევაში, მინიმუმ 4 წლით, ერთნაირად დაკმაყოფილდება დღეს არსებული ყველა მოთხოვნა და პოზიცია, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება დაეფუძნება ხალხის უმრავლესობის გადაწყვეტილებას, ვინაიდან 2020 წლის საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პოლიტიკური ძალები გვერდს ვერ აუვლიან ამ საკითხს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები