ანრი ოხანაშვილი ომბუდსმენს აკრიტიკებს – „არ არის სწორი, სახალო დამცველმა ვინმეს მკვლელი უწოდოს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მაღაროელებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.
როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ოხანაშვილმა აღნიშნა, ტყიბულის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია და რა მოხდა, უახლოეს დღეებში გაირკვევა.
დეპუტატმა გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.
მისივე თქმით, უბედური შემთხვევისგან არც ერთი ქვეყანა და მაღალგანვითარებული საწარმო თუ მაღარო დაზღვეული არ არის.
„არ არის სწორი, სახალო დამცველმა ვინმეს მკვლელი უწოდოს, როცა სწორედ მან, თითოეული ადამიანი უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევისგან უნდა დაიცვას. სახალხო დამცველი მკვლელს უწოდებს იმ ადამიანებს – არ ვიცი, პარლამენტის წევრებს, მთავრობას, ყველას. სახალხო დამცველის პოზიციიდან გაკეთებული განცხადება არაკორექტულია. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველს აქვს უფლება, დააფიქსიროს, რომ შეშფოთებულია მომხდართან დაკავშირებით და ვინმეს კიდევ ერთხელ მოუწოდოს, მაგრამ სახალხო დამცველი, რომელმაც საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის უფლება უნდა დაიცვას, ვინმეს მკვლელს არ უნდა უწოდებდეს. ეს ძალიან არაპროფესიონალური, არაკორექტული შეფასებაა. სახალხო დამცველის მხრიდან ასე პოზიციის დაფიქსირება, ძალიან ცუდია”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით უჩა ნანუაშვილმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:
„ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ეს სიმართლეა. ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას. უბრალოდ, სირცხვილია, მეგობრებო“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები