“შემაშფოთებელია დამოკიდებულება, რომელიც დღესაა – უშიშროების საბჭო პრეზიდენტისაა, ამიტომ, გავაქროთ”

​საქართველოს პრეზიდენტმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა „თბილისის სტრატეგიული დისკუსიის” ფორმატში, დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ დიპლომატებს, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან მიმართებაში უსაფრთხოების ახალი სისტემის ხარვეზებისა და გამოწვევების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა. გიორგი მარგველაშვილმა ახალი საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად გაუქმებულ უშიშროების საბჭოს როლზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებების შემუშავებამდე, უშიშროების საბჭოს მიმართ დამოკიდებულებები გამოიხატებოდა როგორც საჯარო განცხადებებში, ასევე, ამ ორგანოს მუშაობის მიმართ ღია ბოიკოტში, ასევე, პარალელური სტრუქტურის, უსაფრთხოების საბჭოს შექმნაში.
პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი ვითარების პოზიტიური განვითარება და კოორდინირებული მუშაობა შესაძლებელი იყო, თუ იქნებოდა პოლიტიკური ნება, მაგრამ სამწუხაროდ, ქვეყნის მთავარი დოკუმენტის პროექტში დღეს უკვე მოშლილია კონსტიტუციური ორგანო – უშიშროების საბჭო.
„რეალურად, ის ორგანო, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს, როგორც ჯარის, შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, ასევე, სერიოზული გამოწვევების მიმართ მზადყოფნას, ფაქტობრივად, გამქრალია კონსტიტუციიდან და ჩანაცვლებულია, ერთი მხრივ, თავდაცვის საბჭოთი, რომელიც მხოლოდ ომიანობის დროს ფუნქციონირებს, ხოლო მეორე მხრივ, ლოზუნგით – საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა უნდა გახდეს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციაზე.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო პროექტში ამ ცვლილებების შეტანით, გამოიხატება უსაფრთხოების საკითხების მიმართ არაადეკვატური დამოკიდებულება.
„შემაშფოთებელია ის დამოკიდებულება, რომელიც დღეს არის – უშიშროების საბჭო პრეზიდენტისაა, ამიტომ მოდი, გავაქროთ და გავაძლიეროთ სხვა სტრუქტურები. უსაფრთხოების და ქვეყნის თავდაცვის ნაწილში ჩვენ არ უნდა გვქონდეს პოლიტიკური მიკერძოებულობა, არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული ინდივიდების, ან ამა თუ იმ პოლიტიკოსის მოწონება-არმოწონებაზე. თუ ჩვენ სწორად გავიაზრებთ იმ ვითარებას, რომელშიც საქართველო ამ ეტაპზე იმყოფება, ჩვენ დავინახავთ, რომ გამოწვევები ქვეყნის წინაშე, უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით, ძალიან სერიოზული” ,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
​გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მაშინ, როცა ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება რუსული ოკუპაცია, როცა 2008 წელთან შედარებით, გაუარესებულია უსაფრთხოების გარემო რეგიონში – უკრაინაში და სირიაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, უშიშროების საბჭოს როლი, იმ ორგანოს როლი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს რეაგირებას საქართველოს მიმართ არსებულ ვითარებაზე, არის გადამწყვეტი.
„ უშიშროების საბჭო, გარდა იმისა, რომ რეაგირებს კრიზისებზე, მოწოდებულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი კოორდინირებული იყო უშიშროების საბჭოსთან. ამ თვალსაზრისით, მომავალი კარდინალური ცვლილებები კონსტიტუციაში, ბუნებრივია, უმაღლეს დონეზე, ფორმალურად უნდა იყოს ჩვენს პარტნიორებთან ნატოში“, -აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტს გაუგებრად მიმაჩნია უშიშროების საბჭოს გაუქმება, არსებული რეალობიდან და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე და აცხადებს, რომ ეს ვითარების არასწორი გააზრებიდან გამომდინარეობს.
„მიმაჩნია, ვითარების არასწორი გააზრებაა, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს ის მთავარი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო ძალების განვითარებას, უზრუნველყოფს სამოქალაქო კონტროლს შეიარაღებულ ძალებზე და ასევე, უზრუნველყოფს ეფექტური გადაწყვეტილების მიღებას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საკითხებთან მიმართებაში”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციების შემცირების ნაწილშიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მთავარსარდლის ფუნქციები პრეზიდენტს მხოლოდ ფორმალურად აქვს დატოვებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები