ამერიკელი კონგრესმენები: საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში

“უსაფრთხოების სფეროში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, კერძოდ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში”, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მხარდამჭერ წერილში, რომლითაც ამერიკელი კონგრესმენები დონალდ ტრამპს მიმართავენ.
როგოც წერილშია ნათქვამი,საქართველო აშშ-ის ერთგული და სანდო პარტნიორია, რაც ყველაზე უფრო ნათლად ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის ჯარისკაცების მხარდამხარ ბრძოლაში აისახება.
„ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში საქართველო შეიარაღებული ძალების რაოდენობით ერთ-ერთი ყველაზე უფრო მსხვილი კონტრიბუტორია, რასაც მრავალი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. საქართველოს სამხედრო დანახარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს აღემატება – ზღვარი, რომელსაც ნატოს წევრი მხოლოდ ხუთი ქვეყანა თუ აკმაყოფილებს. მოგიწოდებთ, რომ განაგრძოთ აშშ-ის მხარდაჭერა ნატოში საქართველოს გასაწევრიანებლად”, – ნათქვამია კონგრესმენების მიერ აშშ-ის პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ წერილში.
მათივე თქმით, საქართველოს გააჩნია ხელსაყრელი ბიზნესგარემო და კავკასიისა და შავი ზღვის ფართო რეგიონით დაინტერესებული აშშ-ის კომპანიებისათვის ბიზნესის წარმოების კუთხით, ხელსაყრელ გარემოს წარმოადგენს.
„შედეგად, აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობა, ბოლო ათი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2016 წელს აშშ-მა საქართველოში 324 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელა. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის გასაფორმებლად საჭირო მოლაპარაკებების დაჩქარება უზრუნველყოს. აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში მიმდინარე მაღალი დონის დიალოგმა უნდა ნათლად განსაზღვროს ის ვალდებულებები, რომელიც საჭიროა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებების საწარმოებლად.ამგვარი სახის შეთანხმება სასარგებლო იქნება აშშ-ის, საქართველოსა და მთლიანად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის”, – აღნიშნულია კონგრესმენების წერილში.
​კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ 25 წელზე მეტია, რაც საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სანდო და სტრატეგიული პარტნიორია.
„ 2016 წლის დეკემბერში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ხაზგასმით ასახელებს აშშ-ს, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და მოკავშირეს. 2016 წლის სექტემბერში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ჯერალდ კონოლისა და ტედ პოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ორპარტიულ ვალდებულებას, მხარი დავუჭიროთ საქართველოს და მოვუწოდებთ აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ გააძლიეროს საქართველოსთან არსებული სტრატეგიული ურთიერთობები. უმნიშვნელოვანესია, რომ აშშ-მა გააგზავნოს ძლიერი გზავნილი, რომ ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, ისევე, როგორც ეს ქართველმა ხალხმა გააკეთა ჩვენთვის”, – აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილ აშშ-ის “რესპუბლიკელ” და “დემოკრატ” კონგრესმენთა ერთობლივ წერილში.​ ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები