გიორგი კვირიკაშვილმა ებრაელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ებრაელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

“სიამოვნებით მინდა ვთქვა, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ორ ერს შორის ძმობა იყო განსაკუთრებულ პარტნიორობაში გადაზრდილი, რომელიც დღითი-დღე ღრმავდება და სტრატეგიული ხასიათს იძენს. წელს ჩვენ ვიზეიმებთ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ურყევი პოზიცია, რომელიც ისრაელის მთავრობას გააჩნია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მთელი ამ წლების განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ეფუძნება საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს და დინამიურად ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბოლო წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობა საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის და უსაფრთხოების, ჯანდაცვის სამინისტროებს შორის. გვაქვს თანამშრომლობის შესანიშნავი გამოცდილება კულტურისა და განათლების სფეროში. ამ თანამშრომლობას საუკუნეების ტრადიცია აქვს. 2014 წლის ოქტომბერში დასრულდა დავიდ ბააზოვის ქართველთა და ებრაელთა ისტორიის მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესი. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით აღდგენილია 7 სინაგოგა და ამ უდიდეს საქმეში ფასდაუდებელია ფონდი ქართუს და პირადად ბიძინა ივანიშვილის წვლილი”, – ნათქვამია პრემიერის მილოცვის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები