რატომ გააქტიურდა რუსეთის რბილი ძალა საქართველოში და რა სქემით მოქმედებენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები

რატომ გააქტიურდა რუსეთის რბილი ძალა საქართველოში, რა სქემით მოქმედებენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და რა ჯგუფები ხდებიან სპეცსამსახურების სამიზნეები, – აღნიშნული თემით გაზეთი „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა.
როგორც გამოცემას დაზვერვის სამსახურის ყოფილმა მრჩეველმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ განუცხადა, ჯერჯერობით რუსეთი გარკვეულ წარმატებებს აღწევს „რბილი ძალის“ გამოყენებით, რომელსაც სამხედრო ექსპერტი ქვეყნის მთავარ გამოწვევად აფასებს, საფრთხედ კი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ რუსეთის ძალებსა და სამხრეთ კავკასიის მილიტარიზაციას.
„რბილი ძალის მთავარი მიზანია საზოგადოებრივი განწყობების შეცვლა რამდენიმე მიმართულებით: ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, ოკუპაციასთან შეგუება, სსრკ-ს პერიოდის ნოსტალგიური განწყობების გაძლიერება და სხვა. ამ მიზნების მისაღწევად, პირველ რიგში, გამოიყენება ტრადიციული პროპაგანდა მედიასაშუალებების სახით, მათი ზემოქმედების ფონზე კი, ლოიალური ფენების, პოლიტიკური ძალების, ორგანიზაციების გამოვლენა და წახალისება.
რა სქემით მოქმედებენ საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურები და როგორია მათი ინტერესის არეალი, ამასთან დაკავშირებით ზოგადად, სხვადასხვა თეორიები არსებობს.
„რბილი ძალა“, „ჭკვიანი ძალა“, „მართვადი ქაოსი“ და სხვა. ამ თეორიების მთავარი მიზანია სახელმწიფოს შერყევა შიგნიდან, გარე ჩარევის გარეშე. 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებულ საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში „რბილი ძალა“ ხასიათდება, როგორც დიპლომატიური და სხვა ინსტრუმენტების კომპლექსი რუსეთის საგარეო-პოლიტიკური ამოცანების მისაღწევად. დღეს რუსეთმა ჩამოაყალიბა და აქტიურად ახორციელებს „რბილი ძალის“ საკუთარ თეორიას, რომელიც გარკვეულწილად, განსხვავდება ამერიკული და სხვა ტექნოლოგიებისგან.
რუსეთი ითვალისწინებს სახელმწიფოს ტრადიციებს, რუსეთთან ურთიერთობების ისტორიასა და სხვა ფაქტორებს. რუსული „რბილი ძალა“ დღეს განიხილება, როგორც სახელმწიფოს საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის ერთ-ერთი ფორმა, ზემოქმედების კომპლექსური მექანიზმი, რომელიც აიძულებს მეორე სახელმწიფოს, იმოქმედოს გარკვეულ ჩარჩოებში, განსაზღვრულ პოლიტიკურ პარამეტრებში. რუსეთის სპეცსამსახურები ამ ჭრილში მოქმედებენ საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერის მიზნით. დაინტერესების არეალი კი საკმაოდ ფართოა. „რბილი ძალის“ ძირითადი გამტარები არასახელმწიფოებრივი აქტორები არიან“,-განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას სალუქვაძემ განაცხადა, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სამიზნეებს სახელისუფლებო ინსტიტუტები, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფები, სოციალური ფენები, ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ. „ანუ „რბილი ძალა“ ფართო მასებზე ზემოქმედებას ითვალისწინებს. რუსი პოლიტტექნოლოგების მიდგომებით, მიღწეულ უნდა იქნას საზოგადოების ისეთი განწყობა, რომელიც შეზღუდავს ხელისუფლებას და ზემოქმედებას მოახდენს მასზე. ზოგადად, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ინტერესის ობიექტის შერჩევა დამოკიდებულია მათ ინტერესებზე და ამოცანებზე ჩვენს ქვეყანაში. ძირითადად, ინტერესს წარმოადგენენ როგორც ინფორმაციების მატარებელი ადამიანები, ასევე, გადაწყვეტილებების მიღების სქემაში ჩართული პირები.
საქართველოში იგრძნობა „რბილი ძალის“ ზემოქმედება საზოგადოების სხვადასხვა ფენებსა და წრეებზე, მათ შორის, პოლიტიკურ ელიტაში, არ ვგულისხმობ სახელისუფლებო ელიტას. საერთოდ, „რბილი ძალის“ ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არ ნიშნავს ჯაშუშობას და ქვეყნის ღალატს. ეს არის მსოფლმხედველობის, სახელმწიფოს პრობლემების გადაჭრის გზების, გეოპოლიტიკური ვექტორის შეცვლა პროპაგანდის ან სხვა ზემოქმედების შედეგად. „რბილ ძალას“ სახელმწიფომ საკუთარი პროპაგანდა უნდა დაუპირისპიროს. ჩვენ კი ამისთვის ძალიან მწირი და არაეფექტური ინსტრუმენტები გაგვაჩნია.
საქართველო წარმოადგენს ყველა იმ ქვეყნის ინტერესს, რომლებიც გვესაზღვრებიან ან ინტერესი გააჩნიათ საქართველოში ან რეგიონში. სხვა საქმეა, ვის რამდენად მტრული ან მეგობრული ინტერესები აქვს. ყველა მეზობელი სახელმწიფო, შესაძლებლობების ფარგლებში, აგროვებს მათთვის საინტერესო ინფორმაციებს საქართველოს შესახებ. ეს ჩვეულებრივი საკითხია და ყველასთვისაა ცნობილი. ასევე, ყველას ჰგონია, რომ მტრულად განწყობილი ქვეყანა ჩვენს წინააღმდეგ მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების მეშვეობით, საკუთარი ტერიტორიიდან მოქმედებს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ საქართველოთი დაინტერესებული ქვეყნის ინტერესს წარმოადგენს საქართველოს ყველა საელჩო, ევროპაში იქნება ის თუ აფრიკაში. ამ საკითხს სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. დღეს საელჩოების საგარეო კონტრდაზვერვის მიმართულებით ბევრი კეთდება. მოკლედ, სპეცსამსახურები არ მოქმედებენ სწორხაზოვნად.
როგორც ზოგიერთ მომწამვლელ გაზს, ჯაშუშსაც არ გააჩნია ფერი, სუნი, გემო… ცუდი ჯაშუშია, თუ ასე მარტივად გამოავლენს თავის თავს. შესაძლოა, ის იყოს რუსეთის ჯაშუში, რომელიც ყველაზე პროდასავლურია და ხმამაღლა ყვირის თავისი დასავლური ფასეულობების შესახებ და პირიქით, რუსეთს ლანძღავდეს და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურზე მუშაობდეს. ისევ გავიმეორებ, რომ ყველა ადამიანი საკუთარ ანალიზს აკეთებს და საგარეო პოლიტიკური მიდრეკილებები, გემოვნება სულაც არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად იმ ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობს, რომელსაც აქებს და ადიდებს.
სპეცსამსახურების თანამშრომლებს სპეციალურად ამზადებენ ამ კუთხით და ჯაშუშის ამოცნობა თუ გაშიფვრა საკმაოდ შრომატევადი და რთული პროცესია. სახელმწიფოს საქმე არა მხოლოდ ჯაშუშების გამოვლენაა, არამედ პროფილაქტიკა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობის აღკვეთა. მაგალითად, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ერთ-ერთი სამიზნე ჯგუფია სტუდენტობა, რადგან მათი გარკვეული ნაწილი წლების შემდეგ აუცილებლად გადაინაცვლებს პოლიტიკაში, სახელმწიფო სტრუქტურებსა თუ ბიზნესში. გვაქვს თუ არა უზრუნველყოფილი ჩვენი ახალგაზრდობისთვის უსაფრთხო გარემო, რომელიც მათ მაქსიმალურად დაიცავს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გავლენისგან? ჩვენ, ხშირად, ერთი მხრივ, ვითხოვთ სახელმწიფოსგან, აღკვეთოს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობა, რუსული „რბილი ძალა“ და სხვა, მეორე მხრივ კი, ვბოჭავთ და ვავიწროვებთ სპეცსამსახურებს. მერწმუნეთ, ქვეყანა „რბილი ძალის“ გარდა უამრავი სხვა გამოწვევის წინაშე დგას“, – განუცხადა გამოცემას ამირან სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები