დავით ქართველიშვილი: იტალიის პოლიციის მიერ დაკავებული უკრაინის მოქალაქე ერთ-ერთი იყო იმ პირებს შორის, რომლებიც კოორდინირებდნენ „Nord Stream 1″ და „Nord Stream 2″ გაზსადენების აფეთქებას 2022 წლის სექტემბერში
იტალიელი სამართალდამცველების მიერ რიმინის პროვინციაში უკრაინის მოქალაქის, ვინმე სერგეი კ.-ს დაკავების ფაქტს პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ედებოდა „Nord Stream 1″ და „Nord Stream 2″ გაზსადენების აფეთქებაში მონაწილეობა.
მისივე თქმით, ცნობილია, რომ სერგეი კ. შედიოდა ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში, რომელმაც გერმანიის ქალაქ როსტოკიდან იახტა იქირავა და შემდგომ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დივერსია განახორციელა.
„2025 წლის 21 აგვისტოს იტალიის პოლიციამ, რიმინის პროვინციაში, დააკავა უკრაინის მოქალაქე ვინმე “სერგეი კ.” გერმანიის მიერ გაცემული ევროპული დაკავების ორდერის საფუძველზე. გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, “სერგეი კ.” ერთ-ერთი იყო იმ პირებს შორის, რომლებიც კოორდინირებდნენ „Nord Stream 1″ და „Nord Stream 2″ გაზსადენების აფეთქებას 2022 წლის სექტემბერში. ცნობილია, რომ იგი შედიოდა ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში, რომელმაც გერმანიის ქალაქ როსტოკიდან იახტა იქირავა და შემდგომ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დივერსია განახორციელა.
“სერგეი კ.-ს” ბრალად ედება ტერაქტის ორგანიზება, კონსტიტუციის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, დივერსია და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება. მოსალოდნელია, რომ იგი ექსტრადირებული იქნება გერმანიაში, სადაც სასამართლოს წინაშე წარდგება (ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება გადაცემა). ჯერ კიდევ 2024 წლის აგვისტოში, გერმანიამ გამოსცა საერთაშორისო ორდერი კიდევ ერთი უკრაინელის “ვოლოდიმირ ზ.-ის” დაკავებაზე, რომელიც ასევე ეჭვმიტანილი იყო Nord Stream-ის წინააღმდეგ განხორციელებულ დივერსიაში (მაშინ მისი დაკავება ვერ მოხერხდა).
შვედეთმა და დანიამ თავის მხრივ გამოძიება 2024 წლის თებერვალში დახურეს, დამნაშავე პირების იდენტიფიცირების გარეშე. გერმანიამ კი გამოძიება გააგრძელა. სხვადასხვა მედია საშუალებებში და სადაზვერვო წყაროებში ფიგურირებს ვერსია, რომ დივერსიაში ჩართული იყო სწორედ პროუკრაინული ჯგუფი. თუმცა უკრაინის ხელისუფლება ოფიციალურად უარყოფს სახელმწიფოს მონაწილეობას ამ ოპერაციაში. რუსეთი კი სწორედ აშშ-სა და უკრაინას ადანაშაულებს, მაგრამ დასავლეთი ამ ბრალდებებს უარყოფს. ამ ეტაპზე, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ გერმანიის მართლმსაჯულების შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას,” – წერს დავით ქართველიშვილი.