საით გაემგზავრება  მაკო გნოლიძის გასაიდუმლოებული „ლუდოვიკო XV“?

ბავშვობაში თოჯინები არ იტაცებდა… კარგად სწავლობდა სკოლაში და ორი უმაღლესი სასწავლებელიც დაამთავრა.
ერთ მშვენიერ დღეს, როცა უკვე შვილები ჰყავდა, მიხვდა, რომ მასში გაიღვიძა  სურვილმა – შეექმნა თოჯინა… დაჯდა და ბრძენი იაპონელი მოხუცი ხელმა ნელ-ნელა გამოძერწა… ასე შეიქმნა სხვა თოჯინებიც.
სამი წელია, რაც თოჯინების კეთების ხელოვნებას მისდევს. საინტერესო სამომავლო გეგმებიც აქვს… – მაკო გნოლიძის პერსონა.

– ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, გოგოს არ ვგავდი… მიტაცებდა ბურთი, სახტუნაო, რეზინობანა, თოჯინებით არასდროს მითამაშია. არ მახსოვს, გულში ჩახუტებულს „იავნანა“ მემღეროს… ჩემს დროს რეზინობანა და წრეში ბურთი იყო მთავარი.  სკოლის დროსაც იგივე მეორდებოდა… ძალიან კარგად ვსწავლობდი და გაკვეთილების მეცადინეობას რომ მოვრჩებოდი, გავიდოდი ეზოში, უბანი უბანს, სკოლა სკოლას ეჯიბრებოდა და ჩემპიონატები ტარდებოდა. ამიტომაც არ მქონია თოჯინასთან შეხება. მომწონდა, ჩემს დებს სახლში რომ ჰქონდათ ლამაზი თოჯინები, მაგრამ მე საშინლად ცელქი ბავშვი ვიყავი…
თემქაზე გავიზარდე, მოგვიანებით მე და ჩემმა მეუღლემ ბინაც იქვე ვიყიდეთ… მშობლებთან ახლოს მინდოდა ცხოვრება… სკოლის დამთავრების შემდეგ მაშინვე ჩავაბარე უნივერსიტეტში, თან ვმუშაობდი და პარალელურად ვსწავლობდი…. ფიზიკის ფაკულტეტი დავამთავრე… შემდეგ მეორე – სოციოლოგია-ფსიქოლოგიის  ფაკულტეტი…  შვილები რომ მეყოლა, ქვეცნობიერში დალექილმა სურვილმა გაიღვიძა.  ვცადე,  გავაკეთე თოჯინა… ერთს მოჰყვა მეორე, მესამე და დღემდე ასე ვარ…
– პირველი თოჯინა…
– იაპონელი გავაკეთე, რომელიც ზის და წინ ჩაის სერვისი უდგას, ჩაის სმით არის გართული. ეს არის პირველი თოჯინა, რომელიც ძალიან მიყვარს.
– რატომ მაინცდამაინც იაპონელი?
– არ ვიცი, ვიფიქრე, რამეს დავიწყებ და გამომივა, რა კარგი, არ გამომივა და, მაინცდამაინც თვითმიზანი ხომ არ არის, რომ უნდა გავაკეთო-მეთქი… მერე თავი  თავისით დაემსგავსა, თვალების ჭრილით, ცოტათი ბუშტუკა ცხვირით, მსუქანი ღაბაბით… ორი პატარა კიჭით, რომელიც საყვარლად უჩანს, რომ იცინის. მთლიანად თიხისაა, აცვია კიმანო, თავზე ჩინური ჭილის ქუდი ახურავს და ზის ფეხმორთხმით… პატარა, საყვარელი თითებიც აქვს…
შემდეგ გავუკეთე იაპონელებისთვის დამახასიათებელი წვერ-ულვაში. მაგათ ხომ ძალიან ქარაქუცა წვერები აქვთ და მივხვდი, რომ  საოცარი თოჯინა გამოვიდა. მერე მივყევი და მივყევი, ვაკეთებ სხვადასხვა პერსონაჟს…
– როგორ არჩევთ ტიპაჟებს?
– შეიძლება წინასწარ რაღაც კონკრეტული ჩანაფიქრი მქონდეს და იმის მიხედვით ვიმუშავო, მაგრამ ასე უფრო იშვიათად ვმუშაობ… რაღაცას ვიწყებ იმის მიხედვით, თუ როგორ გუნება-განწყობილებაზე ვარ და ისეთივე გამოდის თოჯინაც. ძირითადად, სულ კარგ გუნებაზე არიან…
– ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ მუშაობის დროს  სიმშვიდე გიყვართ…
 კი, აუცილებლად უნდა იყოს სიმშვიდე. როცა თიხაში გაქვს ხელი, ან მაქმანებს აკეთებ… ქარგავ და უცებ შემოდის სტუმარი, ან ბავშვი,  მუშაობის ხალისი მეკარგება. ასე არ შეიძლება.  ვცდილობ, დროის ისეთ მონაკვეთში ვიმუშავო, როცა ნაკლები ხმაური, სიმშვიდე და სიწყნარეა სახლში.
ხანდახან დილის 6 საათზე დამთენებია…
–  ფერწერული ნახატები…
– ადრე ვხატავდი, მაგრამ ახლა ხატვისთვის დრო აღარ მრჩება…  შვილები – ნატა და ქეთევანი 12-13 წლისანი არიან და დედის მიხმარება სჭირდებათ მეცადინეობის დროს. ამავე დროს, თოჯინების კეთების ხელოვნებასაც ვასწავლი…
მოსწავლეები, რომლებიც საკმაოდ კარგად ართმევენ თავს ამ საქმეს და კარგი თოჯინების გამოსდით. მინდა, სამომავლოდ ერთობლივი გამოფენაც მოვაწყოთ. ფიზიკურად ყველაფერს ერთად ვეღარ ვასწრებ და გვიან მიწევს ჩემი თოჯინების კეთება.
– თოჯინების ფესტივალისთვის ემზადებით…
– თოჯინების მუზეუმი იხსნება, იქ გვექნება ჩვენება. ქალბატონმა ნინო სანადირაძემ შეგვკრიბა მეთოჯინეები და სერიოზული პერესპექტივები გვესახება. უნდა წარვადგინო ერთი ნამუშევარი, რომელიც ჯერ არავის უნახავს… მინდა ერთი თოჯინა მუზეუმს გადავცე საჩუქრად.
– თქვენი თოჯინები  ხასიათით და განწყობილებით გამოირჩევიან… ეს მხოლოდ თოჯინა არ არის, მთელი სამყაროა შექმნილი….  თავისთავადი, თქვენეული ხელწერაა… აქ არის ბრძენი არაბი, ბავშვობის ზღაპრებიდან და აფრიკული  ტომის „მასაინტა“, უმშვენიერესი პეპი და კახელი მიტუა… რომელი ერთი ჩამოვთვალო…
– მართლაც, სახასიათო თოჯინები არიან, პატარ-პატარა სამყაროებით… იმ საცხოვრებელი გარემოთი, რაც თოჯინას სჭირდება… ეს გარემო კონკრეტულ დატვირთვას აძლევს ნამუშევარს.
მაგალითად, პირატი მარტო პირატი არ არის, მან იპოვა განძი და ბედნიერია, ხელში უჭირავს რომის ბოთლი, გამოცალა, ცოტა შეზარხოშებულია… თუნდაც ავიღოთ ჯუჯა, რომელიც მუხლუხოზე ზის… პეპლების საჭერი უჭირავს… იქაც მთელი სამყაროა შექმნილი. დიდ სოკოს კარ-ფანჯარა აქვს, სადაც ჯუჯა ცხოვრობს. მიყუდებულია კიბე. იქ არის სოკოები, პატარა ყვავილები, გამხმარი ხის ტოტი. ჯუჯა გაღიმებული, ბედნიერი სახით მიდის პეპლების დასაჭერად.
ეს არ არის მარტო თოჯინა,  რომელიც დგას ან, ზის, ნამუშევარს აქვს იდეა, რომელიც კომპოზიციურად არის შეკრული.
– პირველი შემფასებლები…  თქვენს მუშაობას შვილები და მეუღლე ადევნებენ თვალყურს…
– ჩემებს ძალიან მოსწონთ ჩემი ნამუშევრები…  მუშაობის დროს შეიძლება კონკრეტული დეტალი, თუნდაც ფერთა შერჩევის თვალსაზრისით, თვალთახედვის არედან გამოგეპაროს… ზოგჯერ მიკითხავს შვილებისთვის, რომელი ფერის თმა უფრო მოუხდებოდა თოჯინას – ქერა თუ შავი თმა? და ბავშვებს უთქვამთ. ბავშვის თვალით დანახული თოჯინა მაინც სხვა არის. ბავშვები გულით აღიქვამენ. და მერე, რომ ხედავენ, ერთი პატარა დეტალიც შეემატა ნამუშევარს, უხარიათ…
– მასალებს ალბათ ყიდულობთ?
– ვყიდულობ. უამრავი მასალა მიდის თოჯინებზე, დაწყებული დასადგამიდან, ტანის შემავსებელი სპეციალური მასალით დამთავრებული… საჭიროა უამრავი  საღებავი… მე, ძირითადად, აკრილის საღებავით ვმუშაობ. ამის გარდა, აუცილებელია თმები, ჩაცმულობა… წინდები… ზოგს მაქმანები, ბისერები,  თვლებით გაწყობილი ტანსაცმელი სჭირდება,… ძალიან ბევრი პატარ-პატარა დეტალია, რომელსაც აუცილებლად ვყიდულობთ.
– სულ რამდენი თოჯინა გყავთ სახლში?
– ეს საქმე სამი წელია, რაც დავიწყე და ახლა 24-ე თოჯინას ვაკეთებ…
ვენეციურ საკარნავალო ნიღბებსაც აკეთებთ…
– კიდევ 6 ვენეციური საკარნავალო ნიღაბი მაქვს… ეს არის დიდ ტილოზე კომპოზიციურად შეკრული და გაფორმებული ნიღბები, კედელზე დასაკიდი კომპოზიციები.
მაგალითად, ერთ-ერთი ნიღბის უკან ფერწერით შესრულებული ვენეციის ხედი მოჩანს, ჩამავალ მზეზე ტალღები ირეკლება, გონდოლები მოჩანს… ჩანს, ასევე, იტალიური ჩამონგრეული ციხესიმაგრე, რომლის ძირშიც ყვავილებია ამოსული… ზოგი ნიღაბი თავისი გაფორმებით ცოტა მოწყენილ, განშორების თუ მოლოდინის თემასაც ქმნის.
– ახლა რომელ თოჯინაზე მუშაობთ?
– 18 მაისს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თოჯინების გამოფენისთვის ვემზადები, ვმუშაობ თოჯინაზე, რომელსაც ლუდოვიკო XV ჰქვია. მას გამოარჩევს დამახასიათებელი ჩაცმულობა, ძვირფასი ტანსაცმელი და სამკუთხედი ბუმბულებიანი ქუდი, თავზე ედგმება პარიკი… ლამაზი ლუდოვიკო გამოდის.
– ერთ ინტერვიუში ხაზი გაუსვით, რომ ადამიანი ორჯერ იბადება. და რომ თქვენთვის მეორედ დაბადებას ნიშნავდა ეს საქმე…
– ალბათ, ცოტა გვიან აღმოვაჩინე. მე რატომღაც გვიან დავიწყე თოჯინების კეთება, რადგან სწავლას და მუშაობას შევალიე მთელი ახალგაზრდობა. მერე უკვე, როცა ბავშვები წამოიზრდებიან და დრო გრჩება, ჯობია, რამე გააკეთო. თუნდაც ის ნაბიჯი, რომ მუზეუმს დაუტოვებ და საშვილიშვილოდ ექნებათ თაობებს, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
– სამომავლოდ…
– ნოემბერში პრაღაში თოჯინების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება, სადაც უკვე დავრეგისტრირდი, იქაც სამ ან ოთხ თოჯინას წავიყვან… ვნახავთ, როგორი შედეგებით დავბრუნდებით თბილისში.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები