ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები აამოქმედა და შეზღუდვების სიაში 34 ფიზიკური პირი და 47 იურიდიული პირი შეიყვანა.
ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, ახალი ზომები მიმართულია იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან არიან დაკავშირებული ან უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მხარდაჭერაში მონაწილეობენ.
სანქციები ასევე შეეხო ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ქსელთან დაკავშირებულ სუბიექტებს, რომელსაც, ევროკავშირის შეფასებით, რუსეთი საერთაშორისო შეზღუდვების გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტისთვის იყენებს.
ბრიუსელში აცხადებენ, რომ ახალი შეზღუდვები რუსეთის ეკონომიკურ და სამხედრო შესაძლებლობებზე ზეწოლის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი, 21-ე პაკეტის განხილვასაც აგრძელებენ, რომელიც შესაძლოა ფინანსურ და ენერგეტიკულ სექტორებსაც შეეხოს.