„ბავშვობიდან დაღლილები ვიყავით  ნაცრისფერი დღეების ყურებით“ – რა მისწერა ნანა ბაგალიშვილმა პრემიერს  

მე და ჩემს მეგობრებს გვინდა, ოდნავ მაინც შევცვალოთ სოფელი. აქ არც უნივერსიტეტია, არც კულტურის სახლები ფუნქციონირებს, არც ახალგაზრდული ცენტრებია, არც პროფესიული სასწავლებლები, არც კინო, არც თეატრი, არც, არც, არცწარმოგიდგენიათ, ბატონო პრემიერო? სრული გამყინვარება და ნაცრისფერობაა სოფელი, – ეს ამონარიდია იმ წერილიდან, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაუგზავნა.
ცხოვრობს ქიზიყში, წნორში… ბავშვობიდან დაამახსოვრდა გაჭირვება. ბავშვობიდანვე უყვარდა დამოუკიდებლობაც… და ჰქონდა სურვილი, არა მხოლოდ თავის ცხოვრებაში, ირგვლივაც შეეცვალა გარემო უკეთესობისკენ… ამ მიზნით მისი ინიციატივით წნორში „ცოდნის კაფე“ გაიხსნა…
უამრავი იდეა და პროექტი აქვს სამომავლოდაც. – ნანა ბაგალიშვილის პერსონა.

– ბავშვობიდან დამამახსოვრდა გაჭირვება და ერთობა. ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა, მე და ჩემი ძმა აჭარაში დიდხანს ბებია-პაპასთან ვიზრდებოდით.  5 წლის ასაკში შემიყვანეს სკოლაში და ყველაზე მეტად მახსოვს, რომ დამოუკიდებლად მიყვარდა მეცდინეობა. თუ დედა ან მასწავლებელი დამადგებოდა თავზე, პროტესტის ნიშნად ხშირად წერას ვწყვეტდი. თავად მიყვარდა სწავლაც და არასწავლაც. ბავშვობიდან მიყვარს ეს დამოუკიდებლობა და არჩევანის თავისუფლება, რომელიც მშობლებმა  მე და ჩემს ძმას მოგვცეს…
სკოლის პერიოდი… 
– სკოლის პერიოდში განსაკუთრებულად  ჩამრჩა მეხსიერებაში, რომ ერთხელ სკოლის ეზოში, დიდ ეკრანზე ვნახეთ ფილმი. დანარჩენი დღეები ჩვეულებრივი იყო.
– ევროპისმცოდნეობის ბაკალავრი იყავით და კულტურის მენეჯმენტის განხრით ჩააბარეთ მაგისტრატურაში
– თავდაპირველად, ბაკალავრზე რომ ვაბარებდი, ზუსტად არ ვიცოდი, რაზე მესწავლა. დავნეული ვიყავი და როცა მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე ჩავაბარე, კიდევ კარგი 1 წელი გვქონდა მოსაფიქრებლად, რა პროფესია გვინდოდა. ბოლოს ევროპისმცოდნეობა იმიტომ, ავირჩიე რომ პროფესიის აღწერაში ვნახე, საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის შესაძლებლობა აქვთ ევროპის მცოდნეებსო. ალბათ 18 წლისა იმით მოვიხიბლე, რომ პატარა წნორიდან მერე საერთაშორისო ასპარეზზე კეთების შანსი მეძლეოდა.
4 წლის სწავლის მერე აღმოჩნდა, რომ დიდი ინტერესი არ მქონდა, ზოგადად, საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, რადგან ამასობაში, ბაკალავრზე სწავლის პერიოდში, მე და ჩემმა მეგობრებმა ჯერ საინიციატივო ჯგუფი და მერე „სამოქალაქო ინიციატივა“  შევქმენით და სხვასთან მუშაობას ჩვენი სოფლებისთვის მუშაობა ვამჯობინე და კარგადაც მოვქცეულვარ… კულტურის მენეჯმენტზე ჩავაბარე ბაკალავრიდან 2-წლიანი შუალედის მერე, რადგან მაინტერესებს, როგორ შეგვიძლია, ვაქციოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენს სოფლებში ეკონომიკური სარგებლის მომტან საქმიანობად.
 ცხრა მინი კულტურულსაგანმანათლებლო პროექტი შექმენით წნორისა და მიმდებარე სოფლების ახალგაზრდებისთვის
ჩვენი ორგანიზაცია ძალიან სპეციფიკურია თავისი ისტორიით. სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან თბილისში სასწავლებლად წასულმა სტუდენტებმა შევქმენით ჯერ წნორის საინიციატივო ჯგუფი და მერე ორგანიზაციადაც დავარეგისტრირეთ სახელის ცვლილებით. შევქმენით იმიტომ, რომ ბავშვობიდან დაღლილები ვიყავით  ნაცრისფერი დღეების ყურებით წნორსა და მიმდებარე სოფლებში. კატასტროფულად მომაბეზრებელი და გამყინავი გარემო იყო და დღემდე ნაწილობრივ არის კიდეც ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფლებში. გვინდოდა, შეგვეცვალა ახალგაზრდებისა და ადგილობრივების გარემო ოდნავ უკეთესობისკენ.
 არასამთავრობო ორგანიზაციის – „სამოქალაქო ინიციატივა – Civic Initiatives. ორგანიზაციის გუნდთან ერთად ახალგაზრდებისთვის კულტურულსაგანამათლებლო სივრცეების შესაქმნელად მუშაობთ სიღნაღის მუნიციპალიტეტშიროგორ მოიაზრებთ ამ სივრცეს სიღნაღის რაიონში?
– საიდან დავიწყო? პირველ რიგში, ახალგაზრდები მზად არ ვართ თანამედროვე შრომითი ბაზრისთვის. სკოლის განათლება საკმარისი არ არის თავის დასამკვიდრებლად, არც უნივერისტეტი და არც პროფესიული კოლეჯი ადგილზე არ გვაქვს.  ვინც თბილისში მიდის სასწავლებლად, ბრმად აბარებს ისეთ ფაკულტეტებზე, რაც აღარაა საჭირო და მოთხოვნადი, მაგალითად იურდიული, ჟურნალისტიკა, ეკონომიკა… ახალგაზრდებმა არ იციან,  რა აკეთონ, რადგან მართვის უნარს ხშირად უნივერსიტეტიც კი ვერ აძლევს მათ. გამოდის, რომ ახალგაზრდებს დასაქმება და თვითრეალიზება უჭირთ. თვითონ ვერ ქმნიან სამუშაო ადგილებს და საკუთარ თავს ვერ ასაქმებენ და სხვებიც ვერ ასაქმებენ პარალელურად. ვისაც თვალში წყალი უდგას, ისიც მიდის ჩვენიდან… ფულიც რომ გქონდეს, რა უნდა აკეთო? ჩვენს მუნიციპალიტეტებში, იშვიათი გამონათების გარდა, არც სპორტული და არც კულტურული სერვისები არ არის.
 „ცოდნის კაფე“ – როგორ შეიქმნა ის წნორში?
– „ცოდნის კაფე“ შეიქმნა იმისთვის, რომ წნორსა და მეზობელ სოფელში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, ერთ სივრცეში მიეღოთ ბევრი ჭკვიანი და მყუდრო სერვისი. მაგალითად, გვქონოდა კარგი წიგნის მაღაზია მუნიციპალიტეტში, გვქონოდა თანამედროვე ბიბლიოთეკა, შეხვედრების სივრცე და მყუდრო კაფე. „ცოდნის კაფეს“ გახსნამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტში არცერთი არ გვქონდა და ლოგიკური იყო, რომ „ცოდნის კაფეში“ გავაერთიანეთ – წიგნის მაღაზია, მულტიმედია ბიბლიოთეკა, არაფორმალური განათლების ცენტრი და კაფე…
 „ცოდნის კაფე“ – პრობლემები და საჭიროებანი
– „ცოდნის კაფე“ არის სოციალური საწარმო, თავდაპირველად ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა (20 000) და სამოქალაქო განათლების ფონდმა („ტაბულა“)  მოგვცა 7 000 ლარი. თუმცა ცოდნის კაფეს ჰყავს ასობით მხარდამჭერი ორგანიზაცია და რიგითი ადამიანი, რომლებიც „ცოდნის კაფეს“ ხან წიგნებს ჩუქნიან, ხან – ინვენტარს, ხან – ჭურჭელს და ხან იმას, რაც მოცემულ მომენტში გვჭირდება.
ახლა გვჭირდება, საკუთარი ფართი შევიძინოთ, რომ ქირის თანხა – თვეში 1000 ლარი არ ვიხადოთ.
 ქართული ჩურჩხელის კომპანიაბადაგისსაზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ხართ…
– „ბადაგი“ არის კახური ჩურჩხელის მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს 10-ზე მეტი სახეობის ჩურჩხელას და 20-ზე მეტი სახეობის სასაჩუქრე შეფუთვას. „ბადაგი“ ამ დროისთვის ლიდერი კომპანიაა ქართულ ბაზარზე და ემსახურება როგორც საცალო, ისე კორპორატიულ მომხმარებელებს. „ბადაგის“ წარმატების საიდუმლო არის პროდუქტის მაღალი ხარისხი, რომელსაც დაფუძნების დღიდან ინარჩუნებს. „ბადაგი“ და ყველა პროდუქტი, რომელიც ჯანრთელია და რომელსაც  ძალიან დახვეწილი და კრეატიული შეფუთვები აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში განწირულია წარმატებისთვის…
 სანდრო ახმეტელის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მაჩხაანში… რას აპირებთ?
– როცა ჩვენს საქმიანობაში რამე გაგვიჭირდება, სულ მაჩხაანის თეატრსა და მისი შექმნის ისტორიას ვიხსენებთ. ეს თეატრი ხალხმა შექმნა მეცხრამეტე საუკუნეში თვითონ, თავისი ხელით და თავისი რესურსებით. ამიტომ, სულ ვფიქრობ, როცა ხალხსა და სოფელს უნდა, ყველაფერი გამოდის.
დღეს ზოგადად  სოფელი და  მაჩხაანიც დაუძლურებულია და  მეზობელი სოფლების თანადგომაც სჭირდება. ვცდილობთ, მაჩხაანის თეატრში სხვადასხვა კულტურული პერფორმანსის დაგეგმვას. მათ შორის საერთაშორის ფესტივალს ვგეგმავთ, სადაც გვსურს ევროპელი არტისტების მოწვევა და რომ გაზაფხულზე მაჩხაანმა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლოს.
 „სულ ვოცნებობდი, ჩემი სკოლის, ან ჩემი უნივერისტეტის კურსდამთავრებულებს შეგვექმნა ფონდი, რომლითაც გაჭირვებულ და სწავლაზე მოწადინებულ გოგობიჭებს განათლებას დავუფინანსებდით“, – დაწერეთ ფეისბუქზე. რა ეტაპზეა ეს იდეა?
– ამ ეტაპზე შევიკრიბეთ რამდენიმე პირველსკოლელი… ახლა  ვცდილობთ სხვა ჩვენი სკოლელებისთვის  ხმის მიწვდენას, რომ ფონდი გავაფართოოთ და მეტ ახალგაზრდას დავუჭიროთ მხარი განათლების მიღებაში.
 მზად ვარ სიახლეებისთვის, მზად ვარ აღმოჩენებისთვის, მზად ვარ ახალი სამყაროს დაბადებისთვის! – უახლოესი სიახლე და აღმოჩენა თქვენს ცხოვრებაში
– ყოველდღიური აღმოჩენებით ვტკბები ხოლმე. ახლა ვემზადებით, „ცოდნის კაფეს“ საკუთარი ფართი შევუძინოთ და ამ კამპანიის დაგეგმვას. ბევრ ადამიანს უნდა ავუხსნათ, რომ რეგიონებში ცოდნის და გამოდილებების გაზიარება ერთადერთი გამოსავალია, სოფლები რომ განვავითაროთ…  სოფელი ხომ ადამიანია.
 ჰობი
– ჩემი ჰობი ძველი ნივთების შეგროვებაა. ძალიან მიყვარს ძველი მოჭიქული თიხის ჭურჭელი და ვაგროვებ ბოლო რამდენიმე წელია. სადმე თუ ვნახე ძველი ნივთებიც,  გასაყიდად ვყიდულობ. ან თუ მჩუქნიან, ის უზომოდ მიხარია…
 ოჯახი
– ბავშვობიდან ვიზრდებოდი ძალიან თავისუფლად. მშობლები სრულ დამოუკიდებლობას გვაძლევდნენ. გენდერული როლებიც ძალიან თავსუფალი იყო, როცა საჭირო იყო, დედაჩემი შეშასაც ჩეხავდა და როცა საჭირო იყო, მამაჩემი საჭმელსაც აკეთებდა და რეცხავდა. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. ჩემი ქმარიც მსგავსი ღირებულებების მატარებელია და ძალიან მეხმარება სამოქალაქო ინიციატივის საქმეებში. ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია.
 სამომავლო გეგმები...
– სამომავლოდ მინდა კულტურის მენეჯმენტი კარგ ევროპულ ან ამერიკულ უნივერსიტეტშიც ვისწავლო. ძალიან მინდა ჩემი ბიზნესიც მას მერე, რაც „ცოდნის კაფეს“ ფეხზე დავაყენებთ და სიარულს ვასწავლით…
– და ბოლო კითხვა, თქვენ წერილი გაუგზავნეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს…
– პრემიერს მივწერეთ მრავალ ტკივილსა და უსამართლობაზე, რაც ახლა ჩვენს სოფლებში ხდება. იმაზე, რომ მის სოფელში – ვაქირში მილიონების დახარჯვას აპირებენ, როცა პარალელურად სხვა სოფლებში გაუსაძლისი მდგომარეობაა ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ.
მივწერეთ, რომ სიმართლე გვეთქვა, რადგან ვფიქრობ, რასაც ვაქირში გეგმავენ, პრემიერის დაკვეთით კი არა, მისი ქვეშევრდომების პირფერობით კეთდება…
– რა იგეგმება ვაქირში?
– ვაქირის კულტსახლის რეაბილიტაცია, რომელიც მილიონ ნახევრიდან 2 მილიონამდე თანხა ჯდება… ჯერ არ დაუწყიათ პროცესი, ახლა დაგეგმვა მიდის…
მილიონნახევარიანი კულტურის სახლი არათუ ვაქირს, წნორსაც კი არ სჭირდება, სადაც ვაქირზე 3-ჯერ მეტი ხალხი ცხოვრობს. როცა არც წნორს აქვს კულტსახლი და სიღნაღის თეატრიც ღია ცის ქვეშ რჩება, რადგან მთავრობას თეატრის შენობა ვერ გამოუსყიდია კერძო მესაკუთრისგან…
პასუხი ჯერ არ ვიცით, ვიცით, რომ წაიკითხა პრემიერმა…

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები