პრეზიდენტი: კონსტიტუციის ახალი ვერსია ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების პოლიტიკას ხელს არ უწყობს

“კონსტიტუციის ახალი ვერსია ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების პოლიტიკას ხელს არ უწყობს”, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის სახელით განაცხადა.
როგორც მიშველაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო კომისიამ პროექტი საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეიმუშავა, მას გაემიჯნა ყველა პოლიტიკური პარტია.
“ყველას გახსოვთ, პროცესის დაწყებისთანავე, პრეზიდენტის შეთავაზება, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა წარმართულიყო მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით და საზოგადოების ფართო ჩართულობით. ნაცვლად ამისა, მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლა, ყოველგვარი განხილვის გარეშე გამოცხადდა.
საკონსტიტუციო კომისიამ პროექტი საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეიმუშავა, მას გაემიჯნა ყველა პოლიტიკური პარტია, ექსპერტებისა და არასამთავრობოების უმრავლესობა, უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველმა. დოკუმენტისთვის კენჭისყრა კი გაუგებარი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილებით – კომისიის წევრთა შემადგენლობის შეცვლის შედეგად მოხერხდა.
რაც შეეხება პრეზიდენტის შეფასებას, პრეზიდენტის აზრით, კონსტიტუციის ახალი ვერსია არ უწყობს ხელს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების პოლიტიკას”, – განაცხადა მიშველაძემ.
მისივე თქმით, შემოთავაზებულ მოდელში ბლოკების შექმნის აკრძალვით და ამ ფონზე 5%-იანი ბარიერის შენარჩუნებით, გამარჯვებული პარტიის მიერ გადაუნაწილებელი ხმების სრულიად უსამართლო მითვისებით, რეალურად, ყალიბდება არაკონკურენტული საარჩევნო სისტემა, რაც პრეზიდენტის აზრით, მომავალში მრავალპარტიული პარლამენტის შექმნის შესაძლებლობას კრიტიკულად ამცირებს. გარდა ამისა, ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის შემოთავაზებული მოდელი ხალხის განწყობის პროპორციულად ასახვას არ უზრუნველყოფს, საბოლოოდ კი, ქვეყანა ყალიბდება ფსევდოსაპარალამენტო რესპუბლიკად, სადაც იმის ნაცვლად, რომ პარტიები და პარლამენტი იყოს ძლიერი, ორივე შესუსტებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები