გიორგი კვირიკაშვილი: აშშ-დან ჩვენი დელეგაცია ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა

“აშშ-დან ჩვენი დელეგაცია ძალიან მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა, რომლის შემადგენლობაშიც პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე შედიოდნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა დელეგაცია. მინდა რამდენიმე მათგანი ჩამოვთვალო. მოგეხსენებათ, OPIC გახლავთ აშშ-ს მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაცია, რომლის თანადგომითა და უშუალო მხარდაჭერით საქართველოში ბევრი ინვესტიციაა განხორციელებული. ამ ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, გააორმაგოს საკუთარი გამოყოფილი დაფინანსების ლიმიტი საქართველოს მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თვითონ მსოფლიო ბანკისგან სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს 100 მილიონი დოლარის პირდაპირ გრანტს რეფორმების განხორციელების მხარდაჭერისთვის. ეს გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსოფლიო ბანკის პირველი ვიცე პრეზიდენტი პოლ რომერი ძალიან დაინტერესდა ჩვენი მთავრობის რეფორმების 4- პუნქტიანი გეგმით და იმ ფისკალური რეფორმებით, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ და მან გადაწყვიტა, რომ პირადად ჩაერთოს რეფორმების განხორციელების პროცესში. ეს პიროვნება გახლავთ „ბიზნესის კეთების სიმარტივის ჯგუფის“ ხელმძღვანელი მსოფლიო ბანკში და მისი მონაწილეობა ჩვენი რეფორმების პროცესში და მისი რჩევები იქნება უმნიშვნელოვანესი. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მას და მსოფლიო ბანკს მჭიდრო ჩართულობისთვის მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოში საკრედიტო პორტფელის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ, ბანკი გეგმავს 2017 წელს დამატებით გამოყოს 250 მილიონი ევროს რესურსი ინფრასტრუქტურის პროექტებზე.
„ასევე, უნდა ითქვას, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი ძალიან გააქტიურდა კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებით. არის პროგრამა – InnovFin, ანუ საინოვაციო დაფინანსების, ინოვაციური და დამწყები ბიზნესის დაფინანსების სპეციალური პროგრამა და საქართველოს დამწყებ ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ ამ პროგრამაში ჩაერთონ. უნდა ითქვას, რომ 2016 წელს ევროპის საინვეტიციო ბანკმა გააორმაგა თავისი საკრედიტო პორტფელი საქართველოზე – ამ პორტფელმა 1 მილიარდ ევროს მიაღწია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს სივრცითი განვითარების გეგმით და ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესება გამოთქვა მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა საინვესტიციო ბანკმა „ბარკლაიმ“, რომელიც საჯარო-კერძო დაფინასების სქემებში ჩართვით დაინტერესდა.
„ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით და ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და სწორად არის სტრუქტურირებული ეს რეფორმები და ეს განვითარების გეგმა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხრიდან დადებითი შეფასება მიიღო საქართველოში ლარიზაციის სამთავრობო გეგმამ.
„ამ გეგმის შედეგად, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ გამოთქვა სურვილი, რომ გამოუშვას ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციები, რაც უმნიშვნელოვანესია. დღემდე კორპორაციას კერძო სექტორში 59 პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოში და 1.64 მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული მთლიანობაში. ასევე, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი გეგმავს რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ეროვნული ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვებას, სპეციალურად ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების პოტენციალის ასათვისებლად საექსპორტო პოტენციალის მქონე კომპანიების დაფინანსებისთვის. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ ფისკალური პოლიტიკა მსოფლიოს სამი უმსხვილესი სარეიტინგო სააგენტოს მიერ დადებითად იქნა შეფასებული.
„ყველა სააგენტოს მიერ არის აღნიშნული პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ბევრ სექტორში, მათ შორის, წარმოების განვითარების ხელშეწყობაში, ექსპორტში, ტურიზმში, ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკა და ა.შ. ძალიან დიდი პოზიტივი მოდის ბოლო პერიოდში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, სარეიტინგო სააგენტოების მხრიდან, რაც მეტყველებს იმაზე, რომ 4 -პუნქტიანი გეგმის ყველა კომპონენტი არის სწორად სტრუქტურირებული, მათი შესრულება არის აბსოლუტურად რეალისტური და ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ამ გეგმას, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მიმართულების ნაწილში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარება, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენი მოსახლეობის მეტ კეთილდღეობას ნიშნავს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები