ზვიად ძიძიგური: შესაძლოა, საკონსტიტუციო პროექტში ცვლილებები შევიდეს

„ჩვენ არ მიგვიღია პროექტი, რომელშიც შეუძლებელი იყოს შესწორებების შეტანა. ველოდებით საერთო სახალხო განხილვას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ამიტომ შესაძლოა, საკონსტიტუციო პროექტში ცვლილებები შევიდეს“, -ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
​მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ გადამწყვეტი ამ პროცესში სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და შენიშვნები იქნება. ძიძიგურის თქმით, პარლამენტარები მოსახლეობის ყველა შენიშვნასაც მოისმენენ და მათ შესახებ იმსჯელებენ.
„ ვენეციის კომისია ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციაა. პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ასევე, გახლავთ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. პირველივე ეტაპიდან, თუ როგორი სქემით და სტრუქტურით ვმუშაობდით, ისიც კი შეთანხმებული იყო ვენეციის კომისიასთან. ვენეციის კომისიის სესია იქნება ზაფხულში, რომლის შემდეგაც ჩვენს საკონტიტუციო პროექტზე მათ დასკვნას ვნახავთ და განვიხილავთ. პარლამენტმა კი კონსტიტუციის პროექტი სამი მოსმენით უნდა მიიღოს. დღეს მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, მეორე და მესამე კენჭისყრას შორის მინიმუმ სამი თვე უნდა იყოს, ეს იმიტომ არის ჩადებული, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ მოხდეს”, -განაცხადა ძიძიგურმა.
რაც შეეხება სახალხო განხილვებს, ძიძიგურის თქმით,მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით, მოსახლეობისგან უნდა მოისმინონ მოსაზრებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას პარლამენტი, დაუჭიროს თუ არა მხარი მათ მიერ გამოთქმულ აზრს.
​”საბოლოო სიტყვა პარლამენტზეა“, – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები