„ეს ლექსი –  „რეალისტური ფანტასმაგორიები-4“ თავისით დაიწერა… მანამდე ამ ამბავს ვხედავდი“…  

პროფესიით ფილოსოფოსი და ლინგვისტი. ქსებს ბავშვობიდან წერ. ბავშვობაში ხატავდა კიდეც… ბოლოს მაინც პოეზიამ გაიმარჯვა… ორი პოეტური კრებულის ავტორია. გამოქვეყნებული აქვს, აგრეთვე, პროზაული ჩანახატები, პუბლიცისტური წერილები, ესები
ხელოვნების ნიმუშების კოლექციასაც აგროვებს… გამორჩეულია თოჯინების დიდი კოლექცია. – ირმა თხინვალელის პერსონა.

– განსაკუთრებული ბავშვობა არ მქონია. ერთი რამაა მხოლოდ – რაც თავი მახსოვს, სულ ვწერ. დედამ მითხრა, წერა-კითხვა ჯერ არ იცოდი, მაგრამ რითმებით ლაპარაკობდიო… პოლიგლოტების ოჯახში გავიზარდე, მამა კარგად  იცოდა ინგლისურიც, რუსულიც… თავიდანვე, ინგლისურს რუსულივით და ქართულივით არ ვლაპარაკობდი, მაგრამ მესმოდა საუბარი, მეც და ჩემი ძმაც ასე ვიყავით.
– მშობლები
– მამა სპორტსმენი იყო, უკვე 17 წელია, ცოცხალი აღარ არის. ინფარქტით გარდაიცვალა, დედა აგრონომია, მაგრამ სულ დიასახლისობს, ოჯახის საქმეებშია ჩაფლული. ოჯახის ბურჯია… ძმა მხატვარია. მთელი ოჯახი ჩემი დიდი გულშემატკივარია, ყველანაირად მათამამებენ, რომ ყოფითი პრობლემები დავივიწყო და მათი მადლობელი ვარ.
–  ხატვა ბავშვობიდან გიყვარდათ…
– ბავშვობიდან მიზიდავდა ფერწერა, სულ ვხატავდი… თუმცა დიდი ხანია, აღარ მომიკიდია ფუნჯისთვის ხელი. მითოლოგიური სიუჟეტების ახსნა ყოველთვის მაინტერესებდა,  ვეძებდი ფაბულებს და მივედი მითოსამდე. მითოსმა ძალაუნებურად ფილოსოფიამდე მიმიყვანა… ოჯახში ამის გამო კითხვაც არ დაუსვამთ.
რატომ? იცოდნენ, რომ უკვე მე-5 კლასში გადაწყვეტილი მქონდა ფილოსოფიურზე ჩაბარებს. ამის გარდა, უნივერსიტეტში სწავლისას მეორადი ფაკულტეტიც დავასრულე ინგლისური სპეციალობით. რაღაც პერიოდი ინგლისურის თარჯიმნად პრესაშიც ვიმუშავე.
– პირველი ლექსები…
– მახსოვს, რომ  როცა წერა შემეძლო, სულ ვწერდი. პირველი ლექსები აღარ შემომრჩა, მაგრამ რომ ვწერდი, გაგიკვირდებათ და, სერიოზულ თემებზე – მარტოობაზე, წარმავლობაზე ვწერდი… სხვები „სამ მუშკეტერს“ და „აივენჰოს“ რომ კითხულობდნენ, მე ბაირონი მიტაცებდა.
როგორც გითხარით,  ლექსებს ბავშვობიდან ვწერდი და თავიდანვე – სერიოზულ თემებზე…
– უფრო ბავშვობაში ხატავდით, ალბათ?
– ბავშვობაში და სტუდენტობის ასაკში… მერე ეტყობა პოეზიამ ისე გამიტაცა, რომ აღარ დამიტოვა ხატვისთვის დრო. დროზეც არაა, ენერგიაც ხომ სჭირდება ადამიანს.
– ლექსი „რეალისტური ფანტასმაგორიები“ ეძღვნება პოეტს, რომელიც 1822 წელს თავის ხომალდთან ერთად ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა… როგორ დაიწერა ეს ლექსი?
– წინასწარ ვხედავ ხოლმე სურათს და  ლექსს მერე ვაწყობ… შელი ყოველთვის მიყვარდა… ამ ლექსის დაწერამდე ვხედავდი დანისლულ გემბანს, აჩრდილივით რაღაცას… მერე, როცა ბიოგრაფია წავიკითხე, გავვოცდი, შელი მართლა ისე დაიღუპა,  ნისლი იყო და არაფერი ჩანდა. ლექსი  თავისით დაიწერა. მივხვდი, რომ  მანამდე ამ ამბავს ვხედავდი… ეს მისტიკაა, მაგრამ ნამდვილად ასე იყო..
მარტო მიდის შელი და ბაირონი მისდევს, რომ დაეწიოს, იციან, რომ დიდი ღელვის გამო საფრთხეშია შელი… ბაირონი სანაპიროზე რომ მივა, გაიგებს, რომ ის გემი ჩაძირულია. და რაც მთავარია, ლეგენდაა – როცა გვამი გამოირიყა, დაწვეს კოცონზე და გული ისევ მთელი იყო. გული მერე დაკრძალესო.. ესეც ლეგენდაა… ისე იმოქმედა ამ ისტორიამ, რომ უეცრად კალამი ამაღებინა. ღამით მოხდა ეს ამბავი.
– თქვენს ლექსებში ხშირად არის მისტერიები, ალუზიები, რემინისცენციები… ღრმა, ფილოსოფიური ლექსებია…
– ძალიან მიყვარს ფილოსოფია, პროფესია კი არა, ჩემი მოწოდებაა. ყველაფერს ვკითხულობ… მერე აღმოჩნდა, რომ ეს პოეზიაშიც დაილექა. ამით ვკვებავ ჩემს პოეზიას, ფილოსოფიით ვკვებავ.
– საკუთარი შემოქმედებიდან ყველაზე მეტად რომელი ლექსი გიყვართ?
– არასოდეს გამოვარჩევ. ყველაზე მეტად მიყვარს ბოლო ლექსი. თითქოს შვილებივით არიან ლექსები… სულ ვცდილობ, ბოლო ლექსთან ვიყო… 4-5 დღე მხოლოდ იმ ლექსს ვიმეორებ. მერე დრო გადის და თავს ვანებებ, ყოველთვის ბოლო ლექსია ჩემი საყვარელი ლექსი…
– კრებულის გარეკანზე „რეალისტური ფანტასმაგორიები“ ლექსი „პრელუდია“ აწერია…

„ჩასძინებოდათ ცხელ ქვიშებში გზააბნეულებს…
და იყო ერთი საოცარი სიზმარის ხილვა…
ზამთრის სუსხიან გარიჟრაჟზე შიშველ სხეულებს
ვარდის ფურცლები დაეფინა თოვლის მაგივრად“…
– სამწუხაროდ, ათი წლის წინ 25 წლის დეიდაშვილი თეა გარდამეცვალა, დეკემბრის სუსხიან დღეებში იყო გასვენება და ამ ყვავილებით იყო მორთული იქაურობა. წარმოვიდგინე, რომ მის სხეულს თოვლი კი არა, ყვავილები ეფინა. ამან დამაწერინა ეს. წარმოიდგინეთ, თოვლია, სუსხია და მის ირგვლივ ყვავილები…
– რომელი მწერალი გიყვართ?
– თომას მანი ძალიან ჩემია, მასთან იდენტობას ვგრძნობ. აზროვნების სტილით. ისიც ფილოსოფოსი მწერალია…  „ჯადოსნური მთა“ ჩემი სამაგიდო წიგნია, ვუბრუნდები და ვუბრუნდები, ჯოისმაც მოახდინა დიდი გავლენა და თომას მანმაც.
კაფკაც ძალიან მიყვარს… ჰამსუნიც…
– ლექსების გარდა ჩანახატებს, ესეებს, თარგმანებს წერთ… როგორ უთავსებთ ამ საქმიანობას და პოეზიას ერთმანეთს?..
– დღე და ღამე პოეზიისთვის არ არსებობს. თუმცა, დროის განაწილებაც შეიძლება, მთავარია, ენერგია გქონდეს ადამიანს. თარგმნა ჩემი ჰობია, როცა დროს გამოვნახავ, ვიღებ კალამს და ვთარგმნი… სიმართლე რომ ითქვას, თარგმანები არც დამიბეჭდავს… 
გეტყვით იმასაც, რომ პედაგოგიც ვყოფილვარ, თარჯიმანიც, პრესაში მიმუშავია, ტელევიზიაში, რადიოში, რუსულიდანაც ვთარგმნიდი… ძალიან ბევრ ადგილას ვმუშაობდი. მაგრამ რუტინას ვერსად ვეგუებოდი… თავისუფლების გარეშე ვერ წარმომიდგენია არსებობა.

– მხატვრულ ლიტერატურასაც თარგმნით…
– ვირჯინია ვულფის „მისის დოლოვეის“ მოვკიდე ხელი, ბოლომდე არ მივიყვანე, მაგრამ ამას მაინც არ ვუწოდებ საქმიანობას, ჰობს ვუწოდებ, იმიტომ რომ ეს ჩემთვის კეთდებოდა…
რუსულიდანაც ვთარგმნი, ბევრი რაღაც… ისიც ჩემთვის. თვითკრიტიკული ვარ და ჩემს თავს მეტ მოთხოვნებს ვუყენებ, რომ კარგი ხარისხის იყოს…
მთელი ცხოვრება  ლექსებს ვწერ და რაც გამოქვეყნება  დავიწყე, ჯერ 10 წელი არ არის. თავიდან ლექსებსაც არ ვაქვეყებდი…
მერე იმდენად წამოვიდა მისტიკური მომენტები, ღამის თენება და წერა, რომ მივხვდი, მარტო მე არ მეკუთვნოდა…
– ორი კრებული გამოეცით  – რა მსუბუქია ეს სიმძიმე წამის ყოველის“ (2011.) და რეალისტური ფანტასმაგორიები (2016)… ახალი კრებულის გამოცემას აპირებთ?
– ახალი ლექსები დამიგროვდა, აქვე საიდუმლოსაც გაგიმხელ, ჩემს ლექსებს ვთარგმნი ინგლისურად, მინდა სრულყოფილი კრებული გამოვცე.
– მხატვრები?
– ძალიან მიყვარს რუბენსი, რემბრანდტი. სხვებიც მიყვარს, მაგრამ რუბენსს და რემბრანდტს გამოვყოფ ხოლმე… რეპროდუქციებსაც ვაგროვებ ბავშვობიდან.
ხელოვნების ნიმუშების კოლექცია მაქვს სახლში  – შეიძლება პატარა ნივთი იყოს, სამკაული, ჭურჭელი, მაგრამ ნატიფი ნახელავი… ამის გარდა, ყოველთვის მიყვარდა თოჯინები… ბავშვობიდან გამოვედი, მაგრამ თოჯინები ჩემი სისუსტეა…
200-ზე მეტი სხვადასხვა თოჯინა შევაგროვე,  რბილი  და  ჩვეულებრივი, ფაიფურის თოჯინებიც… ბარბებსაც ვაგროვებ… ადრე ბარბებს ტანსაცმელსაც ვუკერავდი, თუმცა ახლა ვეღარ ვიცლი.
– ოცნება…
– მოგზაურობა მიყვარს, ბევრგან ვარ ნამყოფი, მაგრამ მინდა მსოფლიო შემოვიარო, მუზეუმები  გულდასმით დავათვალიერო. საშუალება არ არის, რომ ეგვიპტის პირამიდებთან, რომში, ფლორენციაში მოვხვდე…
ეს არის ჩემი ოცნება…

 თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები