სან-დიეგოში საქართველოს დღეები გაიმართება

24-27 აპრილს, აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში საქართველოს დღეები გაიმართება.
როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია ცალკეული შეხვედრები და აქტივობები. კერძოდ, სან-დიეგოს მერიაში ხელი მოეწერება სან-დიეგოსა და თბილისის დაძმობილების შესახებ შეთანხმებას. ასევე, დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრები სან-დიეგოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სახელმწიფო უნივერსიტეტის მალკოლმ ლავის სახელობის ბიბლიოთეკაში საქართველოს ფლიგელი გაიხსნება. სან-დიეგოში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრებენ საქართველოში არსებული ბიზნესკლიმატისა და ამ კუთხით, ქვეყანაში არსებული შესაძლებლობების შესახებ, აგრეთვე, კულტურისა და მემკვიდრეობის თაობაზე.
სან-დიეგოში მიმდინარე საქართველოს დღეებში ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ციკოლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები