მიხეილ ჯანელიძე: ესტონეთი საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ დღეს ესტონელ კოლეგას, სვენ მიკსერს საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა, სადაც გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდგომ, მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.
როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, შეხვედრისას მინისტრებმა განიხილეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, ადამიანის უფლებების კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ის სირთულეები, რაც ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას რუსეთის მიერ აღმართული მავთულხლართების შედეგად ექმნება.
„ესტონეთი საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერია. ესტონეთმა ნამდვილად არაერთხელ დაამტკიცა საქართველოსადმი ამ მიმართულებით ძალიან მტკიცე ერთგულება და მხარდაჭერა. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენ მეგობარ ქვეყანას საქართველოს მიმართ გატარებული და გამოხატული პოლიტიკური მხარდაჭერისა და სოლიდარობისათვის”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერაზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ წლევანდელი წელი ესტონეთისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია, რადგან პირველი ივლისიდან ქვეყანა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება. მიხეილ ჯანელიძის თქმით, სწორედ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები და ესტონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში თანამშრომლობა იყო განხილვის ერთ-ერთი თემა კოლეგასთან შეხვედრის დროს.
„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარეობისას ესტონეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი” ქვეყნების თანამშრომლობა იქნება. სწორედ ესტონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში გაიმართება „აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგით მეხუთე სამიტი. ჩვენ განვიხილეთ სამიტის მოსამზადებელი საკითხები, რომელიც უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა და განსაზღვრავს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების მომავალ პერსპექტივებს”, –  განაცხადა მიხეილ ჯანელიძე.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე, მოინახულებს სოფელ ხურვალეთს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები