ირაკლი კობახიძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი მიიღო. ირაკლი კობახიძემ პავლო კლიმკინს საქართველოს ტერიტორული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით და დროულად დასრულება უსურვა.

მხარეების თქმით, მიმდინარე წელს საქართველოს და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, მხარეებმა  ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა  უკანასკნელ პერიოდში მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებისა და ვიზიტების მზარდი დინამიკა.

ირაკლი კობახიძემ პავლო კლიმკინს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგი და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები გააცნო. ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ორ ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს. მხარეები ერთობლივ და კოორდინირებულ ქმედებებზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას, ქართული მხრიდან,  საქართველოს პარლამენტის უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი მოსიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები