პატრიარქი: საქართველოში 400-მდე მეჩეთი და ჯამეა, იმედი გვაქვს, ქართული კულტურული დაწესებულებებიც ასევე თავისუფალია აზერბაიჯანში

0

„ერთმანეთს მხარში ვედექით იმ დროს, როდესაც კომუნისტური რეჟიმი სუფევდა ჩვენს ქვეყნებში, იმ დროს, როდესაც რთული სიტუაცია იყო“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სულიერ ლიდერთან შეხვედრაზე განაცხადა.
პატრიარქი ამ წუთებში შეიხ ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს დელეგაციის წევრებთან ერთად ხვდება. შეხვედრაზე ასევე იმყოფება თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სხვა პირები, მღვდელმთავრები.
თავის მხრივ, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სულიერ ლიდერთან ერთად დელეგაციაში ასევე იმყოფება მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი, მთავარეპისკოპოსი ალექსანდრე. უწმინდესის თქმით, მისი აღმატებულების, ფაშა-ზადეს ვიზიტი საქართველოში დიდი სიხარულია.
“ეს არ არის ჩვენი პირველი შეხვედრა, მრავალი წლის მანძილზე, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. ერთმანეთს მხარში ვედექით იმ დროს, როდესაც კომუნისტური რეჟიმი სუფევდა ჩვენს ქვეყნებში, იმ დროს, როდესაც რთული სიტუაცია იყო. ჩვენ მუდამ მხარში ვედექით ერთმანეთს”, – განაცხადა პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, იგი მოხარულია, რომ ურთიერთობა, რომელიც წლების მანძილზე ორ ქვეყანას შორის არსებობდა, დღეს ვითარდება და ძლიერდება.
“მე მინდა ვთქვა, რომ აზერბაიჯანელ ხალხს სრული თავისუფლება აქვს საქართველოში. 400-მდე მეჩეთი და ჯამეა საქართველოში, სკოლები, გამომცემლობები, ასევე, იმართება მრავალი კულტურული ღონისძიება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართული კულტურული დაწესებულებებიც ასევე თავისუფალია და იქნება აზერბაიჯანში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ თქვენს დელეგაციაში იმყოფება მთავარეპისკოპოსი ალექსანდრე, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი. მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ, რომ კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. ეს უნდა გახდეს ახალი ხიდი ჩვენი ურთიერთობისა”, – ბრძანა უწმინდესმა.

კომენტარები

კომენტარი