საქართველოს პროკურატურა აგრძელებს კამპანიას – „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“

საქართველოს პროკურატურა პროექტ ”საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში, აგრძელებს კამპანიას – „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რაიონის პროკურატურების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის სატრანსპორტო დანაშაულებისა და ავტოსაგზაო დარღვევების პრევენციის მიზნით, სხვადასხვა სახის ღონისძიებები გამართეს.
”მცხეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ქალაქ მცხეთის N1 და N2 საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებისთვის ავტოსატრანსპორტო დანაშაულებზე და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მსვლელობისას, იმიტირებული ავტოსაგზაო შემთხვევის ჩვენება მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო ქვეითად მოსიარულე მოქალაქის მიერ წითელ შუქნიშანზე, აკრძალულ ადგილზე გზის სავალი ნაწილის გადაკვეთა, რა დროსაც მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტრავმა მიიღო. შედარებისთვის, ასევე, ნაჩვენები იყო, როგორ გადადის მოქალაქე უსაფრთხოდ ზებრა გადასასვლელზე და მწვანე შუქნიშანზე.
კამპანია – „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესების“ ფარგლებში, მცხეთის საჯარო სკოლების დაახლოებით 150-მდე მოსწავლემ ქ. მცხეთის რაიონის ცენტრში, ტროტუარებზე ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა, გაშალეს ბანერები წარწერით – „დაიცავით მოძრაობის წესები“ „ნუ გახდები მსხვერპლი“ და სხვადასხვა ამკრძალავი ნიშნებით მოსახლეობას საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდეს.
ავტოსაგზაო შემთხვევების თემაზე გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და მასწავლებლებთან გორის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შინაარსის შეხვედრა გამართეს და ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომწვევ მიზეზებსა და ქმედებებზე მიაწოდეს ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ავტომაგისტრალებზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს და ნასვამი მძღოლების საკითხს.
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის და ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები ავტოსკოლების მსმენელებს შეხვდნენ და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრეზენტაცია გამართეს. მართვის მოწმობის მიღების მსურველ ახალგაზრდებს პროკურატურის წარმომადგენლებმა იმ საფრთხეების მაღალი პასუხისმგებლობით გათავისებისკენ მოუწოდეს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობას შეიძლება მოჰყვეს. შეხვედრებზე გაიმართა დისკუსიები ავტოსაგზაო დარღვევებსა და სატრანსპორტო დანაშაულებზე, მძღოლების პასუხისმგებლობაზე და საფრთხეებზე, მძღოლების თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზე. ასევე, რაიონების გათვალისწინებით, მძღოლებისთვის მხედველობაში მისაღებ ფაქტორებზე.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობასთან და საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს. სატრანსპორტო დანაშაულების და ადმინისტრაციული გადაცდომების პრევენციის მიზნით, შეხვედრის მონაწილეებს ავტოსაგზაო შემთხვევათა ამსახველი ვიდეორგოლები, ფოტომასალა უჩვენეს, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკური მონაცემები გააცნეს და ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების და სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი ქმედების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
კამპანია – „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესების“ ფარგლებში, მესტიის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ავტოსაგზაო შემთხვევის იმიტირებული გამოძიება ჩაატარეს. მოსწავლეებისთვის, ასევე, გაიმართა პრეზენტაცია სატრანსპორტო დანაშაულებზე და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე.
საქართველოს პროკურატურა კამპანიას – „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ახორციელებს და მისი მიზანია მოსახლეობის ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებზე და ქმედებებზე ინფორმირება, სატრანსპორტო დანაშაულზე ცნობიერების ამაღლება და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები