ვიქტორ ორბანი: უნგრეთი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

“უნგრეთი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ –მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მისი ხელმძღვანელობით გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა.
ვიქტორ ორბანმა საქართველო-უნგრეთის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების იმედი გამოთქვა.
“ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ გვაქვს საქართველოში ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობა. წელს აღინიშნება ჩვენ შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავი. უნგრეთი თვლის, რომ ეს არის ძალიან მტკიცე საფუძველი სამომავლოდ. ასე რომ, ჩვენი ვიზიტი ნაწილობრივ ამ წლისთავის აღნიშვნასაც ეთმობა,”- აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უნგრეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები. ხელი მოეწერა შემდეგ დოკუმენტებს: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ეკონომიკის სამინისტროს შორის საბაჟო სასაქონლო ოპერაციებზე სტატისტიკურ მონაცემთა ურთიერთგაცვლის შესახებ შეთანხმება”, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი”, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს შორის ინვესტიციების წახალისების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი”, „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია”, „დამატებითი ოქმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის, 2017-2020 წლებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები