50 სტუდენტის ნაცვლად, უნგრეთში სწავლას 80 ქართველი სტუდენტი შეძლებს

უნგრეთში სწავლას 50 ნაცვლად, 80 სტუდენტი შეძლებს. ამის შესახებ ცნობილი უნგრეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე გახდა, სადაც საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.
პრემიერის თქმით, საქართველო უნგრეთს მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად განიხილავს.
კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ბიზნესფორუმი ორი ქვეყნის ძლიერ პოლიტიკურ ურთიერთობებს ძლიერ ეკონომიკურ თანამშრომლობად გარდაქმნის. პრემიერმა საქართველოში უნგრული ბიზნესი საუკეთესო მაგალითად ავიაკომპანია „ვიზეარის“ საქმიანობა დაასახელა. პრემიერის განმარტებით, საქართველო ინვესტორებს საუკეთესო ბიზნესგარემოს სთავაზობს და ინვესტიციების შესაძლებლობებისთვის მოწინავე ქვეყანაა. კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა მოგების გადასახადის გადახედვას ინვესტორების მოსაზიდად გეგმავს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრელ ბიზნესმენებს მოუწოდა, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის მიუხედავად, საქართველო ინვესტორებისთვის სანდო ქვეყანად აღიქვან.
მისი თქმით, ეკონომიკური ოპერირება ამ კონფლიქტებზე დამოკიდებული არ არის. უნგრეთის პრემიერის განმარტებით, უნგრეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას მხარს უჭერს. მისი თქმით, საქართველო უნგრეთისთვის საუკეთესო მაგალითია, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესფორუმი დილიდან მიმდინარეობს და მასში 47 უნგრული და 60-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები